მაია ცქიტიშვილი - მჯერა, რომ არ დაგვჭირდება ისეთი მკაცრი ღონისძიებები, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საგანგებო ვითარება ნიშნავს კარანტინს ან კომენდანტის საათის შემოღებას. მინდა ძალიან მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არ არის სიმართლე, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არ პატრულირებენ ქუჩებში, ასევე არ ვზღუდავთ მოქალაქეთა გადაადგილებას საშვების სისტემით ან ნებისმიერი სხვა სახით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რამაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას.

„მჯერა, რომ არ დაგვჭირდება ისეთი მკაცრი ღონისძიებები, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გადავდივართ პანდემიის შემდგომ, გავრცელების ეტაპზე, რა თქმა უნდა, გვჭირდება, რომ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ბევრად მეტი რესურსი ჰქონდეს სახელმწიფოს. ეს მათ შორის ეხება იმ რეკომენდაციების აღსრულებას, რომელიც დღემდე გაიცა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა ამ რეკომენდაციებს, თუმცა ახლა აუცილებელია გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები არღვევდნენ თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს და ამ შემთხვევაში პატრულს უწევდა გარკვეული ზომების მიღება. ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს ჯარიმებს და უფრო მკაცრ სანქციებსაც, ასევე შესაძლებელია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ ეტაპზე დაგვჭირდეს კიდევ დამატებითი შეზღუდვების მიღება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, რომლის კომენტარსაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს