ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება - ხორბლის, ფქვილის და პურის მიწოდებაში შეფერხება არ იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს.

„ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტი გააცნო.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.

ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა