მიხეილ ყაველაშვილი - რატომ ფიქრობენ, ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და მათი პოლიტიკური პატრონები, რომ ამ გაჭირვების ჟამს ჩვენი მოსახლეობის კუთვნილი ბიუჯეტის სახსრებით უნდა მოხდეს მათი პარტიული ტელევიზიების დაფინანსება?!

რამდენიმე დღეა გრძელდება ეს ისტერიკა და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ აბსურდულ აჟიოტაჟს, ვითომ საქართველოში „თავისუფალ მედიას“ სახელმწიფო ინსტიტუტები ინკასოთი ებრძვიან , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა ამომწურავი განცხადება გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამა თუ იმ კომპანიისთვის ინკასოს დადება ავტომატურად ხდება და ამ კუთხით, ბუნებრივია, არც ესა თუ ის ტელევიზია წარმოადგენს გამონაკლისს.

"ჯერ ერთი, რატომ ფიქრობენ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები, მფლობელები და მათი პოლიტიკური პატრონები, რომ ამ გაჭირვების ჟამს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა ახალ კორონავირუსს ებრძვის, ჩვენი მოსახლეობის კუთვნილი, ბიუჯეტის სახსრებით უნდა მოხდეს მათი პარტიული ტელევიზიების დაფინანსება?!

მეორეც, ფაქტია, ერთი ტელევიზია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ დანაყოფს ეკუთვნის, მეორე - მეორეს; ჰოდა, ჩემო ბატონებო, თუკი ასე შეგტკივათ გული საკუთარ ტელევიზიებზე, რომელიც სწორედ თქვენი პოლიტიკური ტყუილების ტირაჟირებითაა დაკავებული, ადექით და თქვენ თვითონ შეინახეთ თქვენივე პარტიული ტელევიზიები, ან პირადად თქვენ დააფინანსეთ, ან თქვენს მხარდამჭერებს, ამ ტელევიზიების ტყუილებით ნაკვებ პარტიულ აქტივს სთხოვეთ ე.წ. თავისუფალი მედიისათვის თანხის შეგროვება.

ბიუჯეტს, ჩვენი მოსახლეობის კუთვნილ თანხებს თავი დაანებეთ!

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა რეალურად: ამ თემასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა ამომწურავი განცხადება გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამა თუ იმ კომპანიისთვის ინკასოს დადება ავტომატურად ხდება და ამ კუთხით, ბუნებრივია, არც ესა თუ ის ტელევიზია წარმოადგენს გამონაკლისს. ასევე, თუკი ამ ტელევიზიებს პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საშეღავათო პირობებით სარგებლობა სურდათ, შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ფორმა ელექტრონულად უნდა შეევსოთ და ინკასო არ დაედებოდათ. ნუთუ დაეზარათ⁉️

საზოგადოებამ ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ტელევიზიები არც კორონა ვირუსის პანდემიამდე იხდიდნენ გადასახადს ინკასოს დადების გარეშე და მუდმივად „ქვემოდან გამოძრომას ცდილობდნენ“. ახლა კი შანსი მიეცათ და არსებული მძიმე ვითარების ფონზე, კრიზისით ისარგებლეს, სრულიად აბსურდული პანიკა ატეხეს და ამაზრზენ და უსინდისო ტყუილს ავრცელებენ, ვითომდა ხელისუფლება სხვა ტელევიზიებს ანებივრებს და ინკასოს არ ადებს...

წესით, ამ ადამიანებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ 1 ოქტომბერს შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ძველ დავალიანებაზე, მაგალითად, იმაზე, რომელიც დააგროვა ნიკა გვარამიამ, როდესაც „რუსთავი 2“-ს ძარცვავდა და „იმედისა“ და „მაესტროს“ ძველი დავალიანება, რომელიც ამ ტელევიზიებმა გვარამიას წამხედურობით დააგროვეს, შეთანხმდნენ და დადგინდა გადახდის გრაფიკი.

შეთანხმება ითვალისწინებდა იმასაც, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ, ტელევიზიების, მიმდინარე გადასახადი ჩვეულ რეჟიმში უნდა გადაეხადათ. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ტელევიზიები, რომელთაც ინკასო დაედოთ და დღეს აპოკალიფტური სურათის დახატვას ცდილობენ, არც 1 ოქტომბრის შემდეგ იხდიდნენ მიმდინარე გადასახადს - ამით უკვე ყველაფერი გასაგებია.

P.S. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ყველაზე სამარცხვინო ის ფაქტია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფალი მედიისთვის შექმნილ აბსურდულ საფრთხეებზე საუბრობს; ეს ის ხალხი არაა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სრულიად რომ მოსპეს და ჩაახშეს თავისუფალი სიტყვა საქართველოში",-წერს ყაველაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა