„ლელო საქართველოსთვის“ - საქართველოს პრეზიდენტის  დეკრეტში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტანილი ცვლილებები

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტანილი ცვლილებები, ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსმა მთელი მსოფლიო, და მათ შორის საქართველო, უმწვავესი რეალობის წინაშე დააყენა. საფრთხეების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ გასულ კვირას, ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა მომზადებულიყო საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად.

„ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა ჩვენი შეთავაზება, რაც გულისხმობდა შესაბამისი საკითხების ერთობლივ განსჯას და ზიარ პასუხისმგებლობას.

საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის #1 დეკრეტით, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვერ გაუმჯობესდა ბრძოლა ეპიდემიის საშიშროებასთან, პირიქით - წარმოიშვა სამართლებრივი, სოციალური და ინსტიტუციური პრობლემების მთელი წყება. „ლელო საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ მათ აღმოსაფხვრელად და ეპიდემიის საშიშროებასთან ეფექტურად საბრძოლველად, საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის #1 დეკრეტში დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტანილი მნიშვნელოვან ცვლილებები.

1. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ არ შექმნას სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისი, არამედ მოსახლეობის ეპიდემიის საშიშროებისგან დაცვა უზრუნველყოს.

ნათელია, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოცანა იყო, ხელისუფლებისთვის მიეცა სამართლებრივად გამართული და სამოქმედოდ ეფექტური ახალი ინსტრუმენტები ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარი საშუალების - სოციალური დისტანცირების - უკეთ დანერგვის მიზნით. დეკრეტმა კი პირიქით, უფრო ბუნდოვანი გახადა ამ ინსტრუმენტის შინაარსიც და აღსრულების მექანიზმებიც. დეკრეტი ამბობს: „შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა“. აღნიშნული ჩანაწერი არანაირ კონკრეტიკას არ სთავაზობს მოქალაქეს, რომელსაც უნდა შეეძლოს, განჭვრიტოს თავისი მოქმედებების შედეგები და შეუსაბამოს ისინი კანონის ახალ მოთხოვნებს, რათა თავიდან აიცილოს კანონდარღვევა და სანქციები. მეტიც, დეკრეტი არც სამართალდამცავებს აძლევს კონკრეტულ სამართლებრივ ბერკეტებს, განასხვავონ აკრძალული შეკრება ნებადართულისგან და იმოქმედონ კანონის აღსასრულებლად.

დეკრეტი არაფერს ამბობს იმაზე, რას ნიშნავს ჩანაწერი „შეიზღუდოს“: გაუგებარია, გულისხმობს ის შეკრების მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვას, მონაწილეებს შორის დისტანციის დაწესებას, გარკვეული აღჭურვილობის სავალდებულოობას (პირბადე და ა.შ), ტერიტორიულ შეზღუდვას, თუ ყველაფერს ერთად?

აუცილებელია, რომ ყველა მსგავს კითხვაზე დეკრეტი ზუსტ და ამომწურავ პასუხებს იძლეოდეს და აკრძალულსა და ნებადართულს შორის მკაფიო სამართლებრივ ზღვარს ავლებდეს, რათა სახელმწიფომ ამ მძიმე ვითარებაში მაინც იხელმწიფოს.

2.პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტის დეკრეტი სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემასაც შეიცავს: საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ და ცალსახად ამბობს, რომ კონკრეტული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა დასაშვებია კანონის ძალის მქონე პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი. აღნიშნული დეკრეტი კი სულ სხვა რამეს აკეთებს - იგი მთავრობას ანიჭებს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას. გარდა იმისა, რომ საკითხის ასეთი გადაწყვეტა არანაირად არ არის საჭირო ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის (რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს), კონსტიტუციური უფლებების მთავრობის აქტით შეზღუდვა დაუშვებელია; ეს ქმნის ამ აქტების და მათი აღსრულებით დამდგარი შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის ძალიან მაღალ რისკებს, რაც სამართლებრივ ქაოსში გადაიყვანს ქვეყანას. ამასთან, ეს მოცემულობა შექმნის ადამიანების და მათი საქმიანობის შეზღუდვის უკონტროლო შესაძლებლობებს, რაც არა მხოლოდ ფუნდამენტურ უფლებებს დააზიანებს, არამედ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს მათ ეკონომიკურ საქმიანობასაც, რაც არსებულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ამჯერად შემოვიფარგლებით ხელისუფლების მიმართ მხოლოდ აღნიშნულით, ვინაიდან კვლავაც ვთვლით, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის მთავარი ფუნქცია ხელისუფლების შეცდომების არა მხილება, არამედ დაზღვევა და გამოსწორებაში დახმარებაა. შეცდომების გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია და მეტიც - სასიცოცხლოდ აუცილებელი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება გაიზიარებს ამ მოწოდებას. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, კრიზისთან საბრძოლველად გვერდზე გადავდოთ პარტიული განსხვავებები და ერთობით დავუპირისპირდეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“,-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა