ჯანდაცვის მინისტრი - ექიმების შრომამ შედეგი გამოიღო, უკვე 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, 3 პირზე კი ინფორმაციას ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი გვყავს, დამატებით 3 პაციენტის გამოჯანმრთელებაზე კი ინფორმაციას ელოდებიან.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, გაწერილ პაციენტებზე ექიმები მეთვალყურეობას გააგრძელებენ.

“დღეს ჩვენი ექიმების შრომამ გამოიღო შედეგი და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია როგორც ჩვენთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია, რომელიც დღეს გაეწერა სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი, რა თქმა უნდა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაშია მითითებული, კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ, უკვე თვითიზოლაციაში. დღეს, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით 3 პაციენტზე ინფორმაციას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პაციენტებს, როგორც ჯანმრთელებს, ხვალ სახლში გავწერთ. დღეის მდგომაროებით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 235 ადამიანი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, კორონავირუსი დადასტურებული არ აქვთ, მაგრამ გარკვეული სიმპტომებიდან გამომდინარე, მათზე მიმდინარეობს ექიმების დაკვირვება. ასევე ჩვენ გვყავს კარანტინში განთავსებული 3500-მდე მოქალაქე, მათაც არ აქვთ ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომი და მათზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების დაკვირვება”, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს, მინისტრის განცხადებით, იქ უკვე გაემგზავრნენ ჯგუფები და დღის ბოლოს ელოდებიან გარკვეულ შედეგებს.

“რაც შეეხება მარნეულს, აქ გამოვლენილია ინფიცირებული პაციენტის 100-ზე მეტი კონტაქტი, გასულები არიან ჯგუფები, საველე სამუშაოებს ატარებენ და მიმდინარეობს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. დღის ბოლოს ველოდებით გარკვეულ შედეგებს, რომელსაც აუცილებლად გავაცნობთ მოქალაქეებს”, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო