რომან ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მხრიდან ჩარტერული რეისების სუბსიდირების საკითხი მოიხსნა და ავიარეისებს კომპანია საკუთარი სახსრებით შეასრულებს

"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, რომ ჩარტერული რეისების საქართველოს მთავრობის მხრიდან სუბსიდირების საკითხი მოიხსნა. ამის შესახებ ავიაკომპანიის დირექტორმა "ინტერპრესნიუსს" უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დაგეგმილ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით განუცხადა.

"უკვე გვაქვს გრაფიკი და ასევე ველოდებით, სხვა მიმართულებებსაც. როგორც კი მთავრობა გადაწყვეტს და დაგვავალებს, ჩვენ შევასრულებთ. სუბსიდირების საკითხი მოიხსნა. ჩვენ ამას ჩვენი სახსრებით, ყველანაირი სუბსიდირების გარეშე გავაკეთებთ, ბილეთის ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი",- აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, თავდაპირველად ავიაკომპანიის დირექტორი აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით ჩარტერული რეისების სუბსიდირებას მთავრობა მოახდენდა, თუმცა დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა „ჯორჯიან ეარვეისის" მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს. მინისტრის თქმით, ჩარტერულ რეისებზე „ჯორჯიან ეარვეისს" გასაყიდი ბილეთის ფასის მაქსიმალური ზღვარი უწესდება და ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაიყიდოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს