ქეთევან ციხელაშვილი - ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დამატებითი ღონისძიებები გატარდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის საფრთხის შესაკავებლად

არაერთხელ გამოგვითქვამს მზადყოფნა აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და ურთიერთობის გაფართოებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც ვაპირებთ, მათ შორის სტატუს ნეიტრალური სამშვიდობო ინციატივებით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჩართულობის პოლიტიკისათვის პრიორიტეტი ნდობის მშენებლობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვაა.

„რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, აქ საკმაოდ დიდი მოქნილობა არსებობს. გვაქვს წარსულის გამოცდილებაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, არსებობს მნიშვნელოვანი მექანიზმებიც, რომელიც დღესაც შეჩერებულია და შეიძლება მათი ამოქმედება და ეფექტურად გამოყენება, თუმცა ასევე შესაძლებელია ახალი პლატფორმების განხილვა და მოსინჯვა. ჩვენი მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ ეს დიალოგი იყოს არსებითი და ჩვენი ჩართულობის პოლიტიკისათვის პირველი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ნდობის მშენებლობა, აღდგენა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ცხოვრობს. სწორედ ამ ჭრილში, აუცილებლად უნდა შევეხო მთავარ გამოწვევას, რომელიც დღეს ყველას გვაქვს, ეს არის მსოფლიო პანდემიის პირობებში COVID-19-ის გავრცელების მაღალი რისკები. დაზღვეული, რა თქმა უნდა, არცერთი რეგიონი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაცნობიერებული იქნეს აი ამ რისკის და საფრთხის მასშტაბი და რეალურობა. ამიტომ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დაცული იქნას მოსახლეობა მაქსიმალურად.

ოკუპაციის პირობებში და პირდაპირი კონტროლის არქონის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, რომ ჩვენ გავატაროთ ეფექტური ღონისძიებები, თუმცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი მცდელობა სხვადასხვა არხით, მათ შორის პარტნიორების დახმარებით მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეული ღონისძიებები ადგილზეც გატარდეს ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოსახლეობას“, - აცხადებს ციხელაშვილი.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გავრცელებას, მასზე ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის მიღებას და გათავისებას უკვე მოსახლეობის მხრიდან.

„აქ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენ ვთარგმნით აფხაზურ და ოსურ ენებზე ყველა იმ მასალას, რომელიც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ამ დღეებშიც პროაქტიულ რეჟიმში ყველა ამ რეკომენდაციას ვავრცელებთ სხვადასხვა არხით და შევეცდებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. ეხლა ფრონტის ხაზი გადის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხელი შეუწყოს სიტუაციის რეალურ აღქმას. არავინ არ არის დაზღვეული რისკებისაგან და საფრთხე საკმაოდ მაღალია. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც რეალურად ადგილზე სიტუაციის კონტროლი არ ხდება.

მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები, დაწყებული პირადი ჰიგიენით, დასრულებული სოციალური დისტანცირებითა თუ მაქსიმალურად სოციალური ურთიერთობების თავის არიდებით აი ამ მწვავე პანდემიის პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დამატებითი ღონისძიებები გატარდეს სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აი ამ საფრთხის შესაკავებლად“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილის კომენტარს მინისტრის აპარატის პრესამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო