ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში განსაკუთრებული არაფერი ხდება და იქ სულ რამდენიმე ადამიანი ელოდება შემოწმებას.
როგორც რეხვიაშვილი განმარტავს, საკარანტინე ზონაში 15 000 ადამიანია შემოწმებული.
„ფართომასშტაბიანი სკრინინგი კეთდება. პირველი სიმპტომი არის ტემპერატურა, ჩვენ ვაზღვევთ მოსახლეობას და ჩვენი ძალებით, ექიმების ჩართულობით, ვიკვლევთ ყველა ოჯახში შემადგენლობას. დღეს 15 000 ადამიანი შემოწმდა, ბოლნისში 15 ბრიგადა მუშაობს და მათი შედეგები ცოტა გვიან მექნება, ანუ 15 000-ში ბოლნისის აქტიურობა არ ითვლება. 15 000-დან 4 იყო ტემპერატურით, გადამოწმდა და არ იყო სიმპტომატიკა, მაგრამ თუ იქნებოდა, ასეთი საჭიროება, თბილისში გადაგზავნიდან საათანახევარში მივიღებდით პასუხს ან დადებითს, ან უარყოფითს“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მარნეულის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გუბერნატორი პასუხობს, რომ ქვემო ქართლში საკითხი ზოგადად პრობლემურია, თუმცა "განსაკუთრებული განსაცდელები არ გვაქვს."
„წყალმომარაგება კლიმატური და გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ქვემო ქართლში ზოგადად პრობლემურია. მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წლის წინ მოსახლეობის 90% -ს წყალი პრობლემურად მიეწოდებოდა. ამ წლების და ბოლო აქტივობებიდან გამომდინარე, დაახლოებით, 20%-მდე დარჩა მოსახლეობა და დასახლებები, სადაც მუდმივი ხარისხიანი წყლის მიწოდება შეფერხებულია. თუ სადმე დღეს განსაკუთრებული საჭიროებაა, ინფრასტრუქტურულად წესრიგდება, თუ არადა, ავზებით მივალთ და მივეშველებით მოსახლეობას. განსაკუთრებული განსაცდელები არ გვაქვს.
საველე ჰოსპიტალში ახლა მინისტრთან ერთად გახლდით, ორი მომლოდინე იყო და რამდენიმეს აუღეს ნაცხი, იქ არაფერი განსაკუთრებულ არ ხდება. ჩვენ დღეს სტუმრად გვყავდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბატონი სოზარ სუბარი, მათთან ერთად კიდევ გავიარეთ საკარანტინე სივრცეებში ყველა სახის ტვირთების შემოტანის, მარაგების შევსების და პროდუქტების გატანის საკითხი. არავითარი შეფერხება არ იქნება, დახლებზე ყველაფერი არის, მედიკამენტები არის და სამშენებლო ტვირთებიც გადავა კონტროლის შედეგად“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.