აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა

დღეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია ADB-ის საქართველოსთვის კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ADB-დან აცნობეს.

„ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შექმნილ რთულ ვითარებაში და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა ქვეყანას სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ. ADB მზად არის იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, დამატებით კერძო სექტორის დასახმარებლად“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ADB-ის პრეზიდენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერისა და წევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის. „პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომას,“ — აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო ორმაგ შოკს განიცდის პანდემიის პირდაპირი და ნავთობზე ფასების დაცემის არაპირდაპირი ზემოქმედების გამო. დარტყმა განსაკუთრებით რთული ტურიზმისა და მომსახურების სხვა სექტორებისთვის იქნება. ნავთობის ფასების დაცემა ნეგატიურად მოქმედებს მეზობელი ქვეყნებიდან გადარიცხვებზე და აღნიშნულ ქვეყნებში ზრდის ტემპის შენელება ვაჭრობის შესუსტებასაც იწვევს.

პრეზიდენტმა ასაკავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორია და ამან ქვეყანას საშუალება მისცა პანდემიის წინააღმდეგ მტკიცე საპასუხო ქმედებები განეხორციელებინა, მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები მძიმედ დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართული კაპიტალდაბანდებები და ფინანსებთან გაუმჯობესებული წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო პირებისთვის. ეს ნაბიჯები საქართველოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება და საფუძველს ჩაუყრის სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

}2020 წლის 18 მარტს, ADB-მა დაახლოებით 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის. ADB მზადაა საჭიროებისამებრ ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს. მეტი ინფორმაციისთვის კორონავირუსის საპასუხო ქმედებების შესახებ, ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა