ნინო ბურჯანაძე მთავრობას - რა გახდა რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ მიტოვებული სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტში და არ იხვეწებოდნენ ჩამოყვანას

ვიცი, რომ მთავრობა მუშაობს, მაგრამ ძალიან გაუგრძელდათ მუშაობა, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ემიგრანტების სამშობლოში ჩამოყვანის საკითხს.

„ამდენი ხნის განმავლობაში რა გახდა ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა. მაგალითად, იორდანიაში სტუდენტები არიან ჩარჩენილები, რომლებიც ვიდეომიმართვებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ 3 დღის საჭმლის ფული აქვთ დარჩენილი. მესმის, რომ იორდანიაში პირდაპირი ფრენები არ გვაქვს, მაგრამ მეგობარი სახელმწიფოები, მათ შორის უკრაინა ახორციელებს ფრენებს და მესამე სახელმწიფოს მეშვეობით შეიძლება ამ ადამიანების ჩამოყვანა.

შეუძლებელია, ამ ადამიანების ვინც ლუკმა-პურის საშოვნელად ან სასწავლებლად არიან წასულები, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რეალური რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ნუ დაგვავიწყდება, რომ გარდა სტუდენტებისა, საზღვარგარეთ არიან ჩვენი თანამოქალაქეები ვინც მუშაობდნენ და სიმწრით ნაშოვნ ფულს აგზავნიდნენ და ამით კვებავდნენ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. კარგად გაითვალისწინეთ, ვინც იქ არის დარჩენილი და გვეხვეწებიან დავეხმაროთ სამშობლოში დაბრუნებაში, არიან უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. ასე რომ მთავრობის ძალისხმევა საკმარისად ვერ ჩაითვლება. რა გახდა რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ მიტოვებული სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტში და არ იხვეწებოდნენ ჩამოყვანას. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, დროულად იქნას ეს ხალხი ჩამოყვანილი და კარანტინში მოთავსებული", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„ერთიანი საქართველოს” ლიდერი ასევე ეხმაურება სოციალურ ქსელში მოსახლეობის განცხადებებს, რომ ემიგრანტები არ უნდა ჩამოვიყვანოთ იმის შიშით, რომ ვირუსს ჩამოიტანენ.

„თქვენი შვილები, თქვენი დედები, თქვენი ოჯახის წევრები რომ იყვნენ იქ, ასე ისაუბრებდით? ვინ არის ის ხალხი ვინც ასე საუბრობთ? ქართველები ხართ? მართლმადიდებლები ხართ? როგორ წერთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები არ ჩამოვიყვანოთ და გასაჭირში მივატოვოთ. მინდა ყველას მოგიწოდოთ, ყველა გასაჭირში მთავარი წამალი თანაგრძნობა და სოლიდარობაა. ნუ დავკარგავთ ამ გრძნობას, თორემ კორონავირუსზე უარეს განსაცდელში აღმოვჩნდებით. მეტი თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს ემიგრანტებს", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო