კელი დეგნანი - პრემიერი, პრეზიდენტი, სამინისტროები, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19-ის გავრცელება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება,- აღნიშნავს ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

„გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავრჩეთ სახლში და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია. რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანონ მის მიერ გამოწვეული ზიანი," -აღნიშნავს კელი დეგნანი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საზოგადოებას მოუწოდებს დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების რჩევები.

კელი დეგნანი მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს, პოლიციას და იმ საჯარო მოხელეებს, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში არიან ჩართულნი და ადამიანებს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს, პოლიციას და უამრავ სხვა საჯარო მოხელეს პანდემიასთან ბრძოლაში დაწეული შრომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის. გთხოვთ მოიქეცით სწორად და დაემორჩილეთ მითითებებს. თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდეთ თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოთ მითითებები, რათა დაიცვათ თქვენი ახლობლები და საზოგადოების წევრები. მოგიწოდებთ შეასრულოთ საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეზღუდვები და რეკომენდაციები. თუ შესაძლებელია, იმუშავეთ სახლიდან. დარჩით სახლში, თუ რამე გადაუდებელი საქმე არ გაქვთ. თუ გიწევთ გარეთ გასვლა, დაიცავით დისტანცია და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ხშირად და საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები, ეს სიფრთხილის ერთ-ერთი საუკეთესო ზომაა“,-აცხადებს დეგნანი.

მისი თქმით, საელჩოში მაქსიმალურად ზრუნავენ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. კელი დეგნანი საქართველოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების მითითებები.

„საგანგებო ვითარების პირობებში შევზღუდეთ საელჩოს ფუნქციონირება, საელჩომ შეწყვიტა ვიზიტორების მიღება. ვახორციელებთ მხოლოდ გადაუდებელ სავიზო გასაუბრებებს და ამერიკის მოქალაქეთა მომსახურებას. ეს სერიოზული ნაბიჯია და ემსახურება ვირუსის გავრცელების შეკავებას. გვსურს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ. მოვუწოდებ საქართველოში მყოფ ყველა ამერიკის მოქალაქეს, დაემორჩილოს საქართველოს ხელისუფლების მითითებებს. ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა გაუქმებული ფრენების გამო. მესმის, რომ თქვენ შეიძლება ცდილობდეთ ამერიკაში ოჯახებში დაბრუნებას. გარწმუნებთ, რომ ჩემი გუნდი და მე ყველაფერს ვაკეთებთ, ვაშინგტონთან კოორდინირებულად, როგორ გამოვძებნოთ თქვენი დახმარების გზები. გთხოვთ დარჩით ჩვენთან კონტაქტში, გვაცნობეთ რა გჭირდებათ და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დასახმარებლად. მანამდე კი გახსოვდეთ, ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით ამ ვითარებაში და აუცილებლად გავუმკლავდებით მას, თუ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით და ვიზრუნებთ სხვებზე. მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ საქართველოს მთავრობის რჩევები და მითითებები, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას! დარჩი შინ!“-აღნიშნა დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა