ჯანდაცვის მინისტრი - ტესტების კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არავის აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან

ის, რომ ჩვენ ტესტების კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით, გამომდინარეობს იქიდან, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არცერთ უწყებას და არც კერძო სექტორს არ აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ ეწინააღმდეგება სამინისტრო სწრაფი ტესტების კომერციალიზაციას კერძო სექტორის მიერ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ოთხ კომპანიას საქართველოში სწრაფი ტესტებისა და PCR ტესტების შემოტანის უფლება მისცა. ტიკარაძის განცხადებით, ტესტების ხარისხი მკაცრად კონტროლდება.

„არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება და ძალიან მკაცრები ვართ იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო. დღეის მდგომარეობით, რეგულირების სააგენტოში 8 კომპანიას ჰქონდა დოკუმენტაცია წარმოდგენილი საქართველოში ტესტების შემოტანაზე. რეგულირების სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავლილი კომუნიკაციის საფუძველზე, ოთხ ასეთ კომპანიას მისცა როგორც სწრაფი ტესტების, ასევე PCR ტესტების საქართველოში შემოტანის უფლება.

ის, რომ ჩვენ ტესტების კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით, გამომდინარეობს იქიდან, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არცერთ უწყებას და არც კერძო სექტორს არ აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კომპანიების მიერ იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელიც საქართველოში უკვე იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და უმეტეს შემთხვევაში ეს თანხები გადახდილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ტესტირების ჩასატარებლად ასევე იქნება ექიმის დამადასტურებელი ჩვენება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან უკვე შერჩეულია 7 კერძო ლაბორატორია, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, ჩაატაროს ტესტირებები და მათ ეს ტესტები ლუგარის ლაბორატორიიდან საჩუქრად აქვთ გადაცემული,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო