ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან, ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.

დოკუმენტის თანახმად, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის მართვის დროს დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის კონკრეტული ღონისძიებები.

„COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება, შემდგომ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვა-შესაკრავის საშუალებით, ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებლობა; გვამის მაიდენტიფირებელი ინფორმაცია (მაჯაზე გაკეთებულის იდენტური) უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით, ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას გარედან. გვამის ჩანთაში ჩადების წინ საჭიროა დაცული იქნეს შემდეგი წესები: გვამიდან ფრთხილად უნდა იქნეს მოშორებული კათეტერები, მილები და დრენაჟები; მათი ამოღების ადგილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფიცირება 1%-იანი ჰიპოქლორიტით; გვამიდან მოცილებული ბასრი საგნები (მაგ. სისხლძარღვშიგა კათეტერები) უნდა მოთავსდეს ბასრი საგნების კონტეინერში; ბიოლოგიური სითხეების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დახშულ უნდა იქნას პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები; გვამის დამუშავების დროს წარმოქმნილი ყველა ნარჩენი უნდა განთავსდეს ინფექციური ნარჩენების კონტეინერში. შემდგომ ხდება გვამის ჩანთის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთას გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში უნდა მოხდეს გვამის ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება. დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე.

„გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია; საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსიც. კერძოდ, შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი განთავსებული უნდა იყოს დაწესებულების სხვა სივრცეებისგან იზოლირებულ და ტრანსპორტისთვის ადვილად მისადგომ სივრცეში;.

„სათავსის კედლები და იატაკი დაფარული უნდა იყოს რეცხვისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით; გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი აღჭურვილ უნდა იყოს გამართულად მოფუნქციონირე ვენტილაციით; გამორიცხული უნდა იყოს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში იმ პირების (მათ შორის სამედიცინო პერსონალის) დამოუკიდებლად მოხვედრა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება სათავსის ფუნქციონირებას; თითოეული მიცვალებულის გადასვენების შემდგომ ხორციელდება სათავსის, აგრეთვე გვამის სატრანსპორტო ან განსათავსებელი ურიკებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დაწესებულების, პროზექტურის, დამკრძალავი/სარიტუალო სამსახურების ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევის გამო გარდაცვლილის გვამთან აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის სპეციალური საშუალებებით.

„ორმაგი ქირურგიული ხელთათმანები, რომლებიც დაფარულია გაჭრის მიმართ მდგრადი ბადისებრი ხელთათმანების ფენით, ან სამეურნეო/სქელი ხელთათმანი; სითხეგაუმტარი ერთჯერადი ხალათი; ინდივიდუალური დაცვის სათვალე და სახის დამცავი ფარი; ქირურგიული ნიღაბი, ან რესპირატორი; ბახილები; სამედიცინო ჩაჩი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული ნაკრები გამოიყენება გვამის მართვის ყოველ ეტაპზე; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო მომსახურების სივრცეებში (პალატა, დარბაზი) გვამის სპეციალურ ჩანთაში მოთავსებისა და ტრანსპორტირების ეტაპზე მათ სწორად გამოყენებასა და უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვას. პროზექტურიდან გასვლამდე მოიხსენით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და დაიცავით უტილიზაციის შესაბამისი მოთხოვნები. შესაძლებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნის შემდეგ ხელები ყოველთვის საპნით და წყლით დაიბანეთ. უზრუნველყავით, რომ ხელის ჰიგიენური საშუალებები (მაგ. ნიჟარა, თხევადი საპონი, ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ქაღალდი, ალკოჰოლზე დამზადებული ხელის სანიტაიზერი) ხელმისაწვდომი იყოს გამოყენების ადგილზე (მაგ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნის ადგილზე ან მის სიახლოვეს)“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტს ხელმოწერილი ბრძანებით ძალაში უკვე შევიდა.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან
Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო