ლევან დავითაშვილი - ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ვმართავთ, რათა მოსახლეობაზე ნაკლები ფინანსური ზეწოლა იყოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად, მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული მარაგების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდების და მათზე ფასების შენარჩუნების საკითხზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს.

„ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს. არსებულ საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმ პროცედურული საკითხების რეგულირება, რომელიც შეუფერხებელი მუშაობის გაგრძელებისთვის აუცილებელია. რთული საკითხია ფასების რეგულაციის თემა, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ორმა რგოლმა - მიმწოდებლებმა და სავაჭრო ქსელებმა - ერთმანეთთან უნდა შეათანხმონ პირობები, რათა მოსახლეობაზე ნაკლები ფინანსური ზეწოლა იყოს. საგანგებო ვითარებაში ყველა პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი და მოსახლეობისათვის ნაკლებად მძიმე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი, რამდენიმე თვის სასურსათო მარაგებია და ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს.

"მნიშვნელოვანია, რომ აღარ ფიქსირდება პანიკური შესყიდვები. რაც შეეხება 9 პროდუქციაზე ფასების რეგულაციას, სახელმწიფოს მიერ მაქსიმალური კოორდინაცია ხორციელდება ყველა რგოლთან, რათა პირველადი მოხმარების სურსათზე ფასები შენარჩუნებული იყოს. პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტრო არსებული მიმართულებებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს,"- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს