ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ე.წ. ცხელების ცენტრები რაიონულ კლინიკებში შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. ცხელების ცენტრები რაიონულ კლინიკებში შეიქმნება. როგორც მან კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია კლინიკის გადაკეთებასა და მეტად მომზადებაზე, რომ მათ უსაფრთხოდ მიიღონ და მართონ პაციენტის ცხელება.

„რაც შეეხება ე.წ. ცხელების ცენტრებს, ცენტრები შეიქმნება რაიონულ კლინიკებში. იმ კლინიკებში, რომელიც დღეს იქ არსებულ მოსახლეობას ემსახურება. საუბარია, კლინიკის გადაკეთებასა და მეტად მომზადებაზე იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ მიიღონ და მართონ პაციენტის ცხელება. ასევე, ადამიანსაც უნდა ჰქონდეს ზუსტი მისამართი და მიმართულება იმ შემთხვევაში, თუ ის ექიმთან ვიზიტს საჭიროდ ჩათვლის იმის გამო, რომ მაღალი ტემპერატურა აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება“,-აცხადებს გაბუნია.

რაც შეეხება კითხვას, შექმნილ ვითარებაში რამდენად მზადაა პირველადი ჯანდაცვის სისტემა მუშაობისთვის და გაუძლებს თუ არა სატელეფონო ცენტრი მაქსიმალურ დატვირთვას, როდესაც მოსახლეობის მხრიდან ბევრი ზარი შევა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ თბილისის ოთხი ცენტრი სატელეფონო ზარებს თავს წარმატებით ართმევს, თუმცა ზარების შესაძლო გაზრდის გამო, ქსელის გაფართოება იგეგმება.

„რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, ეს ქსელი უკვე ჩართულია და თბილისის ოთხი ცენტრი ძალიან წარმატებით ართმევს თავს სატელეფონო ზარებს, რომელიც თავდაპირველად 112-ზე მიდის და შემდეგ ამ ზარების ოჯახის ექიმთან გადამისამართება ხდება, სადაც ძალიან მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი პაციენტს ესაუბრება, გამოიკითხავს მის სიმპტომებს და შემდეგ ეტაპზე ისაზღვრება, რამდენად სჭირდება ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ხომ არ შეიძლება მისი მართვა სასწრაფო დახმარების გარეშე, ოჯახის ექიმის მიერ. ეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს. დღეს საუბარია ამ მოდელის გაფართოებაზე სწორედ იმის გამო, რომ შესაძლოა, მოიმატოს ზარების რაოდენობამ, რაც დაუკავშირდება ცხელებას ან სხვა სიმპტომებს, ან შეიძლება ადამიანს უბრალოდ სურვილი ჰქონდეს, რომ ექიმს გაესაუბროს თავისი რისკებისა და იმის ალბათობის შესახებ, რამდენად შეიძლება სიმპტომი კორონავირუსს უკავშირდებოდდეს“, - აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის ექიმები მზად იქნებიან იმისთვის, რომ სატელეფონო კონსულტაციებში მაქსიმალურად ჩაერთონ. თუმცა, მოქალაქეებმა აუცილებელი საჭიროების გარდა, ექიმთან ვიზიტისგან თავი უნდა შეიკავონ და სატელეფონო კონსულტაცია გაიარონ.

„პირველად ჯანდაცვასთან მიმართებით ჩვენი რეკომენდაცია კვლავაც იგივე რჩება, რომ თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, თავი შევიკავოთ ექიმთან ვიზიტისგან და გადავიდეთ სატელეფონო კონსულტაციებზე. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი ვიზიტის დაგეგმვის შედეგად ისე, რომ მინიმალურად მოხდეს რიგების შექმნა. პირველადი ჯანდაცვის ექიმები პაციენტების მისაღებად მზად არიან. ჩვენ ვფიქრობთ ამ ქსელის გაფართოებას სხვა რეგიონებზეც. ვფიქრობთ, ეს მოდელი კარგად იმუშავებს. რადგან ზოგადად, ოჯახის ექიმების ქსელი ქვეყანაში კარგად მომზადებულია. პაციენტებისთვის ხშირად ყველაზე სანდო ოჯახის ექიმია. ამდენად, ვფიქრობთ, მათი ამ პროცეში ჩართულობა მნიშვნელოვანია“,-აცხადებს თამარ გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო