გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე - საქმის 2/3 გაკეთებულია, ყველაფერი კიევში სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ ხელისუფლების დახმარების გარეშე, ამ სამაშველო ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მათ საშუალება აქვთ, რომ 31 მარტიდან, ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ოთხი ჩარტერული რეისი განახორციელონ და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ ჩამოიყვანონ.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რეისები შემდეგი მიმართულებებიდან განახორციელდება: ვარშავა-კიევი-თბილისი, ბერლინი-თბილისი, რომი-თბილისი და ბარსელონა-თბილისი.

„გასულ ორშაბათს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო აღრიცხვა საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში არიან ჩარჩენილი, არ აქვთ არავითარი სახსრები, ფაქტობრივად, ქუჩაში არიან და უნდათ სამშობლოში დაბრუნება. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ გადავიდა კონკრეტულ ნაბიჯებზე და უმოკლეს ვადაში მოიძია უკრაინული ავიაკომპანია „sky up” და მეორე, სახსრები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს უფასო ჩარტერული რეისებით დაბრუნდნენ სამშობლოში. გუშინდელი საღამოს ცხრა საათის მონაცემებით ჩვენ მივიღეთ 2950 სატელეფონო ზარი და „facebook” შეტყობინება. საშუალება გვაქვს 31 მარტიდან განვახორციელოთ 4 რეისი: 31 მარტს - ვარშავა-კიევი-თბილისი, 1 აპრილს ბერლინი-თბილისი და რომი-თბილისი და 2 აპრილს, ბარსელონა-თბილისი. დაახლოებით, 1000 საქართველოს მოქალაქის ჩამოყვანას შევძლებთ უფასო ჩარტერული რეისებით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, საქმეების 2/3 გაკეთებულია და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა კიევში განახორციელა, თუმცა ხელისუფლების დახმარებისა და ჩარევის გარეშე ისინი „ამ სამაშველო ოპერაციას“ ბოლომდე ვერ მიიყვანენ.

„საქმეების 2/3 გაკეთებულია უკვე, ანუ მოძიებულია უკრაინული კომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს უფასო ჩარტერული რეისებით და მოძიებულია სახსრები, რომლებიც ამ სამაშველო ოპერაციას დასჭირდება. ეს ყველაფერი კიევში მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ ეს 2/3 საქმის საკმარისი არ არის. ხელისუფლების დახმარებისა და ჩარევის გარეშე ჩვენ ამ სამაშველო ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ. იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ საჭიროა კორიდორი, საჭიროა ფრენის ნებართვა და ა.შ, ამას ჩვენი ავიაციის დეპარტამენტი ადვილად გააკეთებს. სჭიროა ძალიან სწრაფად საელჩოების და საკონსულოების მობილიზება იმისათვის, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოების ხელისუფლებასთან შედგეს მოლაპარაკება, მიიღონ ამ ფრენების განხორციელების ნებართვა, სასწრაფოდ დაელაპარაკონ იმაზე, რომ იყოს საბაჟო და სასაზღვრო მომსახურეობა, დაელაპარაკონ იმაზე, რომ ჩატარდეს სამედიცინო კონტროლი და შედგეს სიები. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიყვანოთ ბავშვიანი ოჯახები, ახალგაზრდები და ის ადამიანები ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ამას ჩვენ თბილისიდან ვერ გავაკეთებთ, თუმცა 2950 ზარისა და “facebook” შეტყობინების საფუძველზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს. მე ამას პრესას ვერ გადავცემ ვინაიდან პირადი ინფორმაციაა და ჩვენი კანონმდებლობა ამას კრძალავს, მაგრამ უმოკლეს ვადებში იქნება მიწოდებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. აუცილებელია შეხვედრა, აუცილებელია საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა, აუცილებელი არის მჭიდრო კონტაქტი ხელისუფლებასთან, მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“,-აღნიშნავს ვაშაძე.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ასევე განმარტავს, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინის გავლას სასტუმროებში უფასოდ შეძლებენ.

„შეიძლება გაისმას ძალიან კანონზომიერი შეკითხვა: ეს მოქალაქეები რომ ჩამოვლენ შემდეგ რა? მოქალაქეებმა, როგორც ეს ხელისუფლების განკარგულებაა, უნდა გაიარონ კარანტინი და ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ზარი, სადაც სასტუმროს მეპატრონეები უფასოდ გვთავაზობენ თავის სასტუმროებს იმისათვის, რომ უფასო ჩარტერული რეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები განთავსდნენ ამ სასტუმროებში და გაიარონ კარანტინი. ამ გზაგასაყარიდან ორი გზაა: ან ეხლა ჩვენ სწწრაფად ვაკეთებთ საკოორდინაციო ჯგუფს, ვამტკიცებთ, რომ ვართ ის საზოგადოება და ერი, რომელიც იმსახურებს სახელმწიფოს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და იმ 30 წელს, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან გავიდა უბრალოდ არ ჩაუვლია, ან კიდევ ამ ხანძრის დროს ჩავიკეტებით პარტიულ ბინებში, არ დაველაპარაკებით ერთმანეთს და მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც თავზე დაგვემხობა სახურავი ყველას პარტიული კუთვნილების მიუხედავად“,-აცხადებს ვაშაძე.

იხილეთ ვიდეო: გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე საქმეების 2/3 გაკეთებულია, მაგრამ საჭიროა ხელისუფლების დახმარება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა