მეუფე შიო - ცოდვები, როგორიცაა ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის ​ნორმალურ მდგომარეობად გამოცხადება-ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა

ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელებას ორი მხარე აქვს, ერთი არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე სულიერი.

„რა შეგვიძლია ვთქვათ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, უმძიმესი პერიოდია მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენასაც ისევე, როგორც ბევრ მოვლენას აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე მხარე. როგორც მედალს ორი მხარე აქვს, აქაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოვლენასაც აქვს პირობითად რომ ვთქვათ ორი მხარე. ერთი არის მხარე უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს ძალიან და უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა. მაგრამ გახსოვთ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ რა გვითხრა წინა კვირას ქადაგებაში - ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენთვის კეთდება, ეს ადვილი შესასრულებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი ჩვენ თუ დავრჩებით ხორციელი, მატერიალური შეფასების შრეში, მაშინ ეს ჩვენ არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მთავარია ღმერთი არ დავკარგოთ, ღმერთს არ დავშორდეთ. ამ მოვლენას აქვს მეორე შრე, უფრო მაღალი, ეს არის სულიერი. თუ რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს დიდი განსაცდელი. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ და რამდენი გვითქვამს, რომ ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი, დავარქვათ ამას მწარე წამალი. რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს, თუ რაიმე აქვს ცოდვა მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. იგივე ეხება ოჯახს და ერს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, არაერთი ქვეყნის პოლიტიკოსი დღეს სინანულზე საუბრობს.

„ჩვენ ვხედავთ დღეს, არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა, ხომ არ შევცოდეთ ჩვენ?! საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ ამ ცოდვებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. იცით, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? - ორი შრე აქვს ამ მოვლენის ახსნას - ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე არის სულიერი. ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ სულიერზე არ ნიშნავს, რომ გამორიცხო მატერიალური მიდგომა და არ გაითვალისწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ. ორივე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა - ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება და მისადმი ლოცვა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, „უფალს დღეს ჩვენი განკურნებაც უნდა, ჩვენი მობრუნებაც უნდა“.

„ვუყვარვართ უფალს ძლიერ და ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ. მიუხედავად ჩვენი მცირე სარწმუნოებისა არ უნდა დავეჭვდეთ მასში, უნდა მივეახლოთ მას და ვილოცოთ უფლის წინაშე“, - განაცხადა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მორწმუნეს ყველაფერი შეუძლია.

„მთავარი რა არის ჩვენთვის, რწმენით რაც გვეძლევა, რომ მივეახლოთ და მივმართოთ თავად ცოცხალ ღმერთს.ჩვენ რომ გვქონდეს ლოცვა სიმდაბლით, ცრემლით, სინანულით, ალბათ, ჩვენი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა - ჩვენი სულიერი ცხოვრება, პირადი ცხოვრება და ჩვენი ეროვნული ცხოვრებაც, ქვეყნის ცხოვრებაც სხვანაირი იქნებოდა. ჩვენ უფრო დავფიქრდებოდით , შევისწავლიდით წმინდა წერილს, წმინდა მამების ნაშრომებს, მეტად დავადგებოდით სულის გადარჩენის გზას, განკურნების გზას და არ ვიქნებოდით ჩაფლულნი მიწიურ ყოფით ინტერესებში, რომელშიც ვართ დღეს ძირითადად. უფრო გვაინტერესებს რა დავიცვათ, რა არ დავიცვათ, რა ვჭამოთ, რა არ ვჭამოთ. სამწუხაროდ, ეკლესიაში მოსიარულე ადამიანებიც ამაზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას. დღეს ჩვენ სახარება გვეუბნება რა არის მთავარი სულის გადარჩენისთვის“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)