ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და ლოცვა-კურთხევით სავალდებულოდ შესასრულებელი გახდეს.

როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა, ჯერჯერობით ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება.

„ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეისთვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი. ამიტომ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ყველას. რაც შეეხება ამ საიდუმლოს, ეს არის მსახურების წესი, რომელსაც ვიცავთ საუკუნეების მანძილზე. სიტუაციის შესაბამისად, შესაძლებელი არის სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში, რასაც სინოდის გადაწყვეტილება და ეს ოქმი გულისხმობს, იქ შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და თუ სარეკომენდაციო იყო მანამდე, ეს გახდეს ლოცვა-კურთხევით სავალდებულოდ შესასრულებელი. სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება ჯერჯერობით ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება. სინოდის შეკრება არ არის რაღაცა ლიმიტირებული. შესაძლებელია, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გამო კვლავ შეიკრიბოს.

რაც შეეხება შეკითხვას, შეიძლება თუ არა სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში რაღაცები დაზუსტდეს? - შეიძლება. სინოდის გადაწყვეტილება რასაც არ კრძალავს, იქ შეიძლება დაზუსტდეს რეკომენდაციები. მე ახლა ვერ ჩამოგითვლით, რადგან ნაადრევი იქნება ჩემგან ამის გაჟღერება. ნებისმიერი დებულება, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმდენად მკაცრად მიღებული, რომ იქ რაიმეს დაზუსტება არ შეიძლება, ამიტომ თუ ამის აუცილებლობა იქნება და მღვდელმთავრები კვლავ შეკრებას მიიჩნევენ საჭიროდ, დაველოდოთ და ასეც იქნება“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ იმ სასულიერო პირების განცხადებებიც ახსნა, რომლებიც ზიარების წესის ცვლილების საჭიროებაზე საუბრობენ და აღნიშნა, რომ „ეს იყო ისტორიული რაკურსი და ისტორიული გამოცდილების მიმოხილვა“.

„მათ ეს განცხადებები ასე ახსნეს, რომ ისტორიული რაკურსი, ისტორიული გამოცდილების მიმოხილვა იყო ეს განცხადებები და პირადი შეხედულება ჰქონდათ ამა თუ იმ წესთან დაკავშირებით. თუმცა, მას მერე რაც სინოდის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ყველანი ემორჩილებიან ამ გადაწყვეტილებას. მღვდლებს რომ სხვადასხვა შეხედულება ჰქონდათ ეს იმაზე ლაპარაკობს, რომ ეკლესიაში შესაძლებელი არის ამდენად დიდი იყოს თავისუფლება, რომ მათ გამოთქვან თავიანთი აზრი. თუმცა, როდესაც სინოდის გადაწყვეტილებით დადგენილია რაიმე კონკრეტული წესი, ყველა ვალდებულია ამას დაემორჩილოს“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირების დარჩენასთან, ხოლო მრევლის ეკლესიის გარეთ გასვლასთან და რადიოფიცირების საშუალებით წირვა-ლოცვების მოსმენასთან დაკავშირებით. როგორც დეკანოზმა განმარტა, ამ საკითხს მღვდელმთავრები თავად გადაწყვეტენ.

„ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის. რეკომენდაციები გვაქვს, რომ ტაძარში ორი მეტრი დაიცავით და გარეთ მეტრნახევარი. ეს ნიშნულები გავათეთრეთ და თითქმის ყველა ტაძარში გაითვალისწინეს და შეასრულეს. თუ კიდევ იქნება უფრო მკაცრი რეკომენდაციები, ამაზე მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს