ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020

რამაზ საყვარელიძე - “COVID-19-თან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს”

დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს უცხოელების ნაჩუქარი პირბადეები და ანტისეპტიკური ხსნარი წაართვა - არეშიძე

ამირან გამყრელიძე - “24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა არ დაიწყოს ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება”

* * *

რამაზ საყვარელიძე - “COVID-19-თან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს”

“ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს. ინტერნეტსივრცე აჭრელებულია მძიმე კითხვებით, მაგალითად, ეს ვითარება ბუნებრივად შეიქმნა თუ ხელოვნურად მისცეს ბიძგი, ვინ სარგებლობს და ვინ ითბობს ხელს ამ მძიმე პროცესებით და ა.შ. იმედია, როდესაც პანდემია დასრულდება, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. ევროპის დიდი ნაწილიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ნამდვილად მოუმზადებლად შეხვდნენ ამ დიდ პრობლემას. თუ საქართველომ მოახერხა და ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეანელა, რაც იმედია, ასევე გაგრძელდება, აუხსნელია, რატომ ვერ შეძლეს ეს ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყნებმა?!” - აცხადებს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “COVID-19-თან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს” / “არ არის აუცილებელი ყველაფერი ნახოთ და ყველაფერი წაიკითხოთ, რაც კი კორონავირუსის შესახებ ვრცელდება, ძალიან ბევრია ცრუინფორმაციაც, ერთ სწორ ინფორმაციაზე 50 “ფეიკი” მოდის. ამიტომ გაუფრთხილდით თავს”.

“მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები უფრო ძლიერად უნდა დახვედროდნენ მომხდარს, რადგან დაახლოებით 2015 წლიდან მოყოლებული, სამეცნიერო წრეებში სულ ისმოდა ლაპარაკი და ვარაუდები, რომ გლობალური კატაკლიზმების გამო, მსოფლიოს შეიძლებოდა ახალი დაავადებით გამოწვეული ეპიდემიის საფრთხე დამუქრებოდა. დღესდღეობით პანდემიის პიკია, თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფოებმა უკვე უნდა დაიჭირონ თადარიგი პოსტკრიზისული ვითარებისთვის, რომელიც არანაკლებ მძიმე იქნება. პანდემიის გადავლის შემდეგ ყველა ქვეყანა, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაუმკლავდება შექმნილ კრიზისს, მაინც დამარცხებული იქნება, რადგან ეკონომიკური დანაკარგი ყველასთვის უდიდესია, შედეგად, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან. თანამედროვე ევროპის მთავარი პრინციპი სწორედ ღია საზღვრებია, მაგრამ, ვფიქრობ, კორონავირუსმა შეიძლება დააფიქროს ევროპის ქვეყნები იმაზე, არის კი თუნდაც ძალიან კარგი პრინციპების გატარებისას რადიკალიზმი სწორი სტრატეგია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის? თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციაში შეიძლება სხვა ანალოგიური ტიპის თემებიც გადაიხედოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“გარდა ამისა, დიდი დარტყმა იწვნია ევროპულმა და განსაკუთრებით ამერიკულმა ბიზნესმა იმით, რომ უამრავი საწარმო გატანილი ჰქონდათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ძირითადად, ჩინეთში, სადაც შექმნილი ვითარების გამო ყველა გაჩერდა და რიგ შემთხვევებში ჩინეთის ხელისუფლებამ კაპიკებად ჩაიგდო ხელში. მოსალოდნელია ასევე გაძლიერდეს პოზიცია, რომელიც ამ ვითარებამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ტრამპს, რომ ყველა ქვეყანამ უკან დაიბრუნოს თავისი საწარმოები. ამგვარი დამოკიდებულების გაჩენა კი, სავარაუდოდ, გააძლიერებს მემარჯვენე პოლიტიკურ განწყობებს მსოფლიოში. რაც შეეხება გლობალიზაციას - ერთი მხრივ, კორონავირუსი მსოფლიოს მეტი გლობალიზაციისა და შექმნილი ვითარების ერთიანი მართვისკენ უბიძგებს, მეორე მხრივ, სწორედ ამ გლობალიზაციით ძლიერდება საფრთხეები. მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ვირუსით განპირობებული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან. ვნახოთ, რომელი მხარე გამოიყენებს შექმნილ ვითარებას უფრო ეფექტიანად. მე მაინც მგონია, ქვეყნების უმეტესობა შეეცდება თვითონ მოუაროს თავის თავს, განავითაროს თავისი სამედიცინო სისტემა და უპირველესად საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს და არა მსოფლიო მთავრობისა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნაბიჯმა დააგვიანა. ვნახეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მალევე მისი უფრო მკაცრი რეგულაციებით ამოქმედება გახდა საჭირო მარნეულსა და ბოლონისში - ანუ საგანგებო მდგომარეობის დროულად გამოცხადებამ თავიდან აგვაცილა საკანონმდებლო პროცედურებში დროის დაკარგვა და ხელისუფლებამ უცებ შეძლო კარანტინის გამოცხადება. დღევანდელი ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობა ეფექტიანად მოქმედებს. დაინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა, მაგრამ არა ნახტომისებურად. სხვა სახელმწიფოებს რომ შევადაროთ, ეს რიცხვი საკმაოდ დაბალია და, იმავდროულად, დღითი დღე იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვიც. შედეგები ისეთი მრავლისმეტყველია, ჩემი შეფასება არც არის საჭირო. რაც შეეხება იმას, თუ საბოლოოდ რამდენად დადებითი შედეგი გვექნება, ჯერჯერობით სამედიცინო თვალსაზრისით ამის თქმა რთულია, პიკი, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, წინ არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მიღებული ზომები და რეგულაციები ნაყოფს გამოიღებს. უკვე ვთქვით, რომ კორონავირუსთან დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერავინ იქნება, მაგრამ იქნებიან, ალბათ, ნაკლებად და მეტად დაზარალებული ქვეყნები. იმედია, ჩვენ ნაკლებად დაზარალებულთა შორის ვიქნებით”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ამ ბრძოლაში ქართული წარმატების ფორმულა ასეთია: პროფესიონალიზმს დამატებული გაბედულება - მთავრობამ ამ ბრძოლაში წინ დააყენა პროფესიონალები, რომლებიც, თავის მხრივ, ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესი იყო მთავრობის, გიორგი გახარიას გაბედული ნაბიჯები - ანუ პროფესიონალების რეკომენდაციები სწრაფად და ეფექტიანად გაითვალისწინეს. გეთანხმებით, რომ ეს გაბედულება ბევრისთვის მოულოდნელი იყო... მცირე პასაჟს გავიხსენებ - რეიგანზე ანეკდოტადაც დადიოდა, ავსტრალიასა და ავსტრიას ერთმანეთში ურევსო. მაგრამ მან იცოდა პროფესიონალთა გუნდის შერჩევა, მერე მათი რჩევების გათვალისწინება და ცხოვრებაში დანერგვა. ასე იქცევა ჩვენი მთავრობაც. ვფიქრობ, თუ ამ ანალიზის საფუძველზე გაკეთდება დასკვნა, რომ მომავალშიც, სხვადასხვა სირთულეების დროსაც, ქვეყანამ ამ პრინციპით იმოქმედოს, ცუდი არ იქნება, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “როგორ უნდა ვაჯობოთ ამ ვითარებაში სტრესს? ამას უკვე როგორც ფსიქოლოგს გეკითხებით...” - პასუხობს:

“ეთნოფსიქოლოგები, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა ერის ფსიქოლოგიას, გამოყოფენ კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურებს. პირველი სამხრეთულ ერებში გვხვდება, მეორე - ჩრდილოურში. ქართველები სწორედ კოლექტივისტურ კულტურას წარმოვადგენთ, ყველა ჩვენი წეს-ჩვეულება სწორედ ამაზე მეტყველებს. შესაბამისად, ჩვენთვის ორმაგად რთულია იზოლაციის დაცვა. თუმცა ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობაა ისიც, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მეტ-ნაკლებად ცდილობს დისტანცირებასა და რეგულაციების შესრულებას. ადვილი არ არის ერთბაშად თავყრილობებზე უარის თქმა. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არღვევენ საგანგებო მდგომარეობის წესებს. თუ ასეთი შემთხვევები გახშირდა, ალბათ, მთავრობა მთელ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრებას გადაწყვეტს. რაც ხდება იტალიაში, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ კოლექტივისტური კულტურის შედეგია. ამ ძალიან გულღია ერისთვის დამახასიათებელია მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები. მთელი მათი კულტურა აგებულია ადამიანების ერთად ყოფნაზე, ამიტომაც მათთვის შინ ჩაკეტვა წარმოუდგენელი იყო, საბოლოოდ კი ასეთი სავალალო შედეგი მიიღეს...”

“ქართული ანადაზა ამბობს, “მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო”. რთულია, ამ ანდაზის შემქმნელი ერი მარტოობაში გამოიკეტოს, ამიტომაც გაუჭირდა ბევრს ფსიქოლოგიურად. მეკითხებით, როგორ გავუმკლავდეთ ამას? უპირველესად ვიტყვი, ადამიანს დროდადრო აუცილებლად სჭირდება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, საკუთარ მნიშვნელობასა და ცხოვრებაზე დაფიქრება. საკუთარ თავთან დარჩენა კარგი გზა საიმისოდ, რომ ბევრი პრობლემა გადაწყვიტოთ. როგორც ფსიქოლოგი გავიხსენებ ერთსაც: იაპონელებს აქვთ ასეთი ფსიქოთერაპიული მეთოდი, როდესაც პაციენტს უშვებენ ცალკე ოთახში და გარედან კეტავენ. ოთახში ყველაფერია, საკვებსაც აწვდიან, მაგრამ მარტო ამყოფებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მარტო ყოფნისას ის თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკეთესად დაინახავს და მოაგვარებს კიდეც. უამრავი საშუალებაა დროის გასაყვანად: კითხვა, რაღაც ახლის სწავლა. გასაგებია, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო საინფორმაციო სივრცე ინტერნეტსა თუ ტელევიზიაში ნეგატიური ინფორმაციითაა გადავსებული, ამიტომ არ არის აუცილებელი ყველაფერი ნახოთ და წაიკითხოთ, რაც კი კორონავირუსის შესახებ ვრცელდება. იცოდეთ, რომ ძალიან ბევრია ცრუინფორმაციაც. დღეს ხომ ფეიკების ეპოქაა - ერთ სწორ ინფორმაციაზე 50 ფეიკი მოდის. ამიტომ გაუფრთხილდით თავს. სხვათა შორის, კორონავირუსმა უფრო ნათლად წარმოაჩინა ცრუინფორმაციის გავრცელებით მიღებული ზიანი. ზოგჯერ აშკარად ჩანს, რომ პანიკის გამოსაწვევად მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუინფორმაციას. ამიტომაც მომავალში შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს კატასტროფების დროს საინფორმაციო სისტემების გაკონტროლება. იმავდროულად, აქტიურდება საინფორმაციო უსაფრთხოების თემაც, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა საინფორმაციო შტურმიც კი დაიგეგმოს პანიკისა და არეულობის გამოსაწვევად”, - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.

“რაც შეეხება სწრაფი ტესტების თემას - ბოლო 7 წლის განმავლობაში ოპოზიციას მთელი თავისი პოლიტიკა აგებული ჰქონდა იმაზე, რომ ხელისუფლება არ ვარგა. ისინი თავის მოქმედებებზე, გეგმებზე არაფერს ამბობდნენ, მხოლოდ იმეორებდნენ, ხელისუფლება უნიათოაო. არადა, ამ კრიზისას ხელისუფლებამ თავი ისე წარმოაჩინა, რომ ვარგა კიდეც და საზოგადოების მხარდაჭერაც აქვს. გამოვიდა, რომ მთელი მათი 7-წლიანი ძალისხმევა წყალში იყრება. აშკარაა, რაიმე ახლის მოფიქრებაც არ შეუძლიათ, ვერც იმას მიხვდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ხელისუფლების რეიტინგი თუ ეცემა, ამით მათი არ იზრდება. ეს აგრესიულობა, არაინტელექტუალურობა იმაშიც ჩანს, რომ ახლაც, ამ რთულ ვითარებაშიც განაგრძობენ მოქმედებას იმავე სცენარით, კვლავაც იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ხელისუფლება არ ვარგა. ვინაიდან უკვე ვთქვით, რომ ფრონტის წინა ხაზზე დგანან ექიმები, ის პროფესიონალები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, მათ ესხმიან თავს. ჯერ იყო და, სააკაშვილმა თქვა, ჩემი შექმნილია ლუგარის ლაბორატორიაო, ახლა ამ სწრაფი ტესტების თემას აგრძელებენ, ცდილობენ ეს მთავარ პრობლემად აქციონ და ასე მოახდინონ დისკრედიტაცია ჯერ ამ პროფესიონალებისა და მერე ხელისუფლების. ოპოზიციის მთელი უბედურება ის არის, რომ ამგვარი ქცევით ისევ თავს იზარალებს... აქვე ბარემ ვიტყვი, რომ მართლაც გასაოცარია ჩვენი მედპერსონალის, ამ პროფესიონალების მოქმედება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელება მთელი ერთი თვით შეაკავეს, არამედ იმიტომაც, რომ მოახერხეს საზოგადოების მასობრივად გაფრთხილება ისე, რომ პანიკა არ გამოუწვევიათ”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს უცხოელების ნაჩუქარი პირბადეები და ანტისეპტიკური ხსნარი წაართვა - არეშიძე

“აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, კორონავირუსუს საფრთხის გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე გადმოვიდა. ხუთშაბათს კორონავირუსის ნიშნებით ერთი ოჯახის ორი წევრი გადმოიყვანეს ზუგდიდში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე საგანგაშო ვითარება გალის რაიონშია, რადგანაც სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს უცხოური ორგანიზაციების ნაჩუქარი კორონავირუსისგან თავდაცვის საშუაებები წაართვა და სოხუმში გადაიტანა - ამის შესახებ “რეზონანსს” ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ განუცხადა. მისი ცნობით, აფხაზეთში არც ერთი ინფექციური საავადმყოფო არ არის და მთელს რეგიონში მხოლოდ ერთი ინფექციონისტი ჰყავთ. ამასთან, არც აფხაზეთში და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ აქვთ კორონავირუსის გამოსავლენად საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს უცხოელების ნაჩუქარი პირბადეები და ანტისეპტიკური ხსნარი წაართვა - არეშიძე.

“არეშიძის ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოსულთა უმრავლესობას გალელი ქართველები შეადგენენ. მისივე თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმაზე ადრე დაიწყო ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მომზადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის, ვიდრე ამის შესახებ ვინმე ინიციატივას გამოთქვამდა. - “რაოდენობის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, მით უმეტეს რომ, ძირითადად ქართველები არიან. საქართველოს ხელისუფლებამ თადარიგი წინასწარ რომ დაიჭირა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. “რუხის” მომზადება დაიწყეს იმაზე ადრე, ვიდრე ვინმე ხმას ამოიღებდა და რამეს იტყოდა. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო პირადად ჩემთვის. ბევრი ადამიანი გადმოვიდა, მაგრამ თვითონ ვირუსთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი ჯერჯერობით. გუშინწინ გადმოიყვანეს ერთი ოჯახის ორი წევრი, რადგან ადგილობრივებს ეჭვი შეეპარათ, პანიკაში არიან. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს წაართვა ის დახმარება, რომელიც ჩაიტანეს ამერიკელებმა, ჯანდაცვისა მსოფლიო ორგანიზაციამ და “იუ-ეს-აიდ”-მა”, - განაცხადა არეშიძემ, რომლის განმარტებით, “აფხაზებმა, ოსებისგან განსხვავებით, მიიღეს ეს დახმარება და განაწილდა მთელი რეგიონის საავადმყოფოებზე. შემდეგ გალელებს უკან წაართვეს და ისევ სოხუმში წაიღეს - პირბადეები, ანტისეპტიკური საშუალება და ა.შ.”. - აღნიშნავს გამოცემა.

“მთელ აფხაზეთში ინფექციონისტი მხოლოდ ერთი ჰყავთ, ინფექციური საავადმყოფო არ აქვთ და ამიტომაც გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. უამრავი რუსია ჩამოსული აფხაზეთში, რადგან ეს რუსებიც ვერსად ვეღარ მიდიან. მთელ აფხაზეთში კორონავირუსი არის თუ არა, ვერავინ დაადგენს. ფილტვების ანთების დადგენა კიდევ შეუძლიათ, არიან თერაპევტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დაადგინონ ვინ არის დაავადებული. ბიოლოგიური მასალაც რომ აიღონ და გააგზავნონ, უნდა გააგზავნონ კრასნოდარის მხარეში. წარმოგიდგენიათ, რამხელა გზა უნდა გაიაროს და რამდენი ხანი უნდა ელოდონ? თანაც რუსებს სოჭისთვის ვერ მოუვლიათ, იქ კორონავირუსის ათეულზე მეტი შემთხვევაა და ჯერჯერობით ვერაფერს ახერხებენ გარდა იმისა, რომ რეჟიმი გაამკაცრეს. რაოდენობა შეიძლება იყოს ასი, შეიძლება - არცერთი.. ამას აფხაზეთში ვერავინ დააგენს, რადგან სპეციალისტები არ ჰყავთ. კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანია გადმოსული თავისი ნებით, თავის დაზღვევის მიზნით. ზოგიერთი აბსოლუტურად ჯანმრთელია, არ აქვთ არანაირი სიმპტომი ან კავშირი კორონავირუსთან, მაგრამ რამე რომ მოხდეს, იციან - გალში საერთოდ დაუცველები არიან, ასევე სოხუმში. ამიტომ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. მომავალში, მაქსიმუმ სამ კვირაში, რუხის საავადმყოფოში რა ამბავი იქნება, თქვენი თვალით ნახავთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის. “ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის”, - თქვა გახარიამ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით”, - დასძენს გამოცემა.

“მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველდღიურად ფაქტობრივად. არის გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ თვითონ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურად რა სურათია - ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია იქიდან გამომდინარე, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის საზღვრის იმ მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. ახლა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის ე.წ. არჩევნების თუ საარჩევნო კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, ადამიანების გაუკონტროლებელ შემოდინებას და რა თქმა უნდა, ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. ამიტომ ჩვენი თხოვნა, მოწოდებაც, ინფორმაციაც, რასაც საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული და ასევე საქართველოს ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები”, აღნიშნა ციხელაშვილმა, რომლის განმარტებით, “ეს მათთვის, მათი ოჯახების და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და სიცოცხლისთვის არის აუცილებელი”, - წერს სტატიის ავტორი.

ამირან გამყრელიძე - “24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა არ დაიწყოს ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება”

“ჯერ ყველაფერს ვიკვლევთ, ვიმედოვნებთ, რომ შედეგს მივიღებთ, მაგრამ აშკარაა, რომ უკვე იწყება შიდაგადაცემა და ამიტომ მოსახლეობას მკაცრად მოვუწოდებ, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან წესები. თუ ხალხმა ეს არ შეიგნო, ქვეყანაში წავა ეპიდემია და ყველა სადავე გაგვექცევა ხელიდან. გთხოვთ, პრესამაც დაგვიჭირეთ მხარი - დაწერეთ, მოუწოდეთ ყველას, დარჩნენ სახლში! ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ყველამ ერთად თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია. ახალი შემთხვევების ზრდა იქნება, რადგან სახელმწიფოს ვალია და ამას პირნათლად ასრულებს, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროპიდან გადმოგვყავს, შესაბამისად, ინფიცირებულების ქვეყანაში შემოსვლის რისკი და ალბათობა არის, მაგრამ ვშიშობთ ნახტომისებურ ზრდაზე, რაც ჰქონდა ძალიან ბევრ ქვეყანას ევროპაში თუ სხვაგან”, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ამირან გამყრელიძე: “ვშიშობთ ნახტომისებურ ზრდაზე...”.

“მთავრობამ პირველივე შემთხვევისთანავე სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებების მეტად გამკაცრების შესახებ. უპირველესად გამოკვლეულ იქნა ახლო კონტაქტები. როგორც იცით, 15 ახლო კონტაქტიდან 5-ში დადებითი შედეგები დაფიქსირდა. ყველა პირი გადმოიყვანეს თბილისში, სპეციალურ კლინიკაში. მათაც, დაახლოებით 90-მდე კაცს, ვინც მასთან კონტაქტში (არა ახლო) იყვნენ, ექიმები მეთვალყურეობენ თვითიზოლაციაში, მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. ყოველდღიურად დაავადებათა კონტროლის ჯგუფი მორიგეობს მარნეულის საავადმყოფოსთან გაშლილ კარავში, სადაც იღებენ სინჯებს. მთლიანად მარნეულსა და ბოლნისში კარდაკარ ჩამოვლის გზით მოსახლეობას შესაბამისი კითხვარით უტარდება გამოკვლევა, უზომავენ ტემპერატურას... მარნეულის ახალი მონაცემებით, დაახლოებით 60 ათასამდე კაცია შესწავლილი. მათგან რამდენიმე მიავლინეს კარავში დეტალური გამოკვლევისთვის, აუღეს სინჯები და ყველა მათგანი დარჩება სამედიცინო დაწესებულებაში, სანამ პასუხი არ იქნება. როგორც ვატყობთ, მოსახლეობაში ინფექცია ჯერ არ ვრცელდება - ანუ არ არის ფართომასშტაბიანი გადაცემა. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მარნეულში სახელმწიფო ყოველმხრივ აკონტროლებს სიტუაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.

“დღეს ქვეყანა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურს აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს ფართომასშტაბიანი ეპიდემია. დღეს ქვეყანა მეტად არის მომზადებული, ვიდრე 5-10 წლის წინ, ან როცა ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, იმ დროს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება პროცესები. ეს ხომ უზარმაზარი პანდემიაა, რაც კაცობრიობას ესპანური გრიპის მერე დაატყდა თავს. უკვე 199 ქვეყანაშია ინფექცია და ეპიდემიური აფეთქებები, პანდემია. ამის პროგნოზს ვერავინ აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი, ექთნები, ფარმაცევტები, მესაზღვრეები, შემოსავლების სამსახური, საბაჟოზე მდგომი ეპიდემიოლოგები, ლაბორატორიები, ლაბორატორიის მექა - ლუგარის ცენტრი, ყველა პოლიციელი, ყველა ის, ვისაც მოხუცებთან მიაქვს საჭმელი, იქნება “წითელი ჯვარი”, ქველმოქმედი რიგითი ადამიანი, ვინც გვერდში გვიდგას, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ”, - განაგრძობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

“სხვათა შორის, ორმა მანქანები გვაჩუქა - მათ ვინაობას მოგვიანებით დავასახელებთ; ვიღაცებმა ბენზინი ჩაგვისხეს... გაერთიანებულია ქვეყანა. ეს კარგია, სოლიდარობაა ქვეყანაში, ჭირმა გაგვაერთიანა. აღარ ლაპარაკობს ოპოზიცია, აღარ მლანძღავს. ხომ მლანძღავდა ადრე, ახლა შეანელეს. რა თქმა უნდა, საკმარისი არაფერი არ არის. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მთავარ მიზანს მივაღწიოთ - არ დაიწყოს ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება. მედიასთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - გააშუქეთ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, არ შეუწყოთ ხელი სოციალურ ქსელებში დაპირისპირებას. რა თქმა უნდა, კრიტიკა უნდა იყოს, მე კრიტიკას ძალიან ჯანსაღად ვიღებ, როცა მიმითითებენ, მაგრამ არ უნდა იყოს ჩასაფრებული კრიტიკა პოლიტიკური ქულებისთვის. ვიღაცამ თუ ჩემზე მეტი იცის, და ასეთი ბევრია ქვეყანაში, მირჩიოს, რა გავაკეთო უკეთესად, და არა ის, შენ ამას რატომ ვერ აკეთებო. მოვიდეს და დაჯდეს ჩემს ადგილზე და უკეთესად გააკეთოს. მოსახლეობამ დაიცვას ყველა რეკომენდაცია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალ ველოსიპედს არ იგონებს. მისი რეკომენდაციები დაფუძნებულია ყველაზე ძლიერი ინსტიტუციების რეკომენდაციებზე. დავრჩეთ შინ, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები. გავიჭირვოთ ეს 2 თვე მაინც, არ გვინდა დიდი თავყრილობები, ქეიფები, რაც მთავარია, თუ ვიგრძნობთ პირველ სიმპტომებს, აუცილებლად დავურეკოთ ოჯახის ექიმს”, - დასძენს ამირან გამყრელიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს