გარემოს დაცვის სამინისტრო - მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და პირველადი წარმოების განვითარებას

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ ეგიდით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვის ღონისძიებებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UN Environment) მეშვეობით.

უწყებაში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო თესლბრუნვის პრაქტიკა მიმდინარე წლის გაზაფხულზე 1000-მდე ჰა-ს დაფარავს და ხელს შეუწყობს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონაცვლეობას: ბარდა, სიმინდი, ლობიო და წიწიბურა. ბენეფიციარი ფერმერების შერჩევა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ჩატარდა და ასევე გაგრძელდება სამომავლოდ. საველე პროექტები მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დასანერგად 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი და მთლიანობაში 20 000 ჰა-ს მოიცავს.

„მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის გაძლიერებისა და მიწის ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყო მიწის მდგრადი მართვის საველე პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. თესლბრუნვის სისტემის დანერგვას აქტიურად დაუჭირეს მხარი ფერმერებმა, რითაც შესაძლებელი გახდა თვალსაჩინო ეფექტის მიღწევა მიწის ნაყოფიერების გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თესლბრუნვის ღონისძიებები დაიგეგმა და მიმდინარეობს საგაზაფხულო კულტურებისთვისაც.

მიწის მდგრად მართვას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ადგილობრივ დონეზე სურსათის წარმოების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია კვლევები ბაზრის წვდომის გაუმჯობესებისა და მდგრადი მიწის მართვის გზით მოყვანილი პროდუქტების ბრენდირების ხელშესაწყობად“, - აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა