ცესკო ამერიკული დახმარების ფარგლებში კიბერუსაფრთხოებას აუმჯობესებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFES) დახმარებას მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-დან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება სასერვერო აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი. მათივე ინფორმაციით, IFES-ი საქართველოში მისი მოქმედების სტრატეგიული მიზნებიდან და მანდატიდან გამომდინარე, ახორციელებს ცესკოს სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებას და ამ მიზნით გეგმავს შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. აღნიშნული დახმარების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება ცესკომ 30 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ცესკო-ს ცნობით, დღეს ხელშეკრულებას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ და კომპანია „იუ-ჯი-თი“-ს წარმომადგენელმა ერმილე სულაძემ მოაწერეს ხელი. სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, IFES-ი კომპანია „იუ-ჯი-თი“-სგან ცესკოსთვის შეიძენს სერვერებსა და სასერვეროს გამართვა-აღჭურვისთვის საჭირო შესაბამის მოწყობილობებს.

"ასევე, განხორციელდება სასერვერო აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი. ახალი სასერვერო ინფრასტრუქტურა ცესკოს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს კრიტიკული ინფორმაციის დაცვა და იმ ინტერნეტ სერვისების შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებს სთავაზობს. საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და თანამშრომლების კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით გადამზადება ხორციელდება საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის პროექტის - „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ (EPPS) ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით პერსონალის გადამზადებასა და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და USAID-ის და IFES-ის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში შედგა",-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით,10 იანვარს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე მხარეები 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

"თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება/დახვეწის მიმართულებით, შექმნილი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რითაც ხელს უწყობს არსებული საარჩევნო პროცესების უწყვეტად წარმართვას და ინფორმაციის სათანადო დაცვას, უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირებას და ინფორმაციული აქტივობის მთლიანობას, ხელმისაწვდომობასა და კონფიდენციალურობას. აღნიშნული მიმართულებით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო დახვეწოს საკუთარი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა