ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

თუმცა, მათივე ინფორმაციით, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.

„2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და წინასწარ ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადეს შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივებასთან ერთად, თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს.

ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

მათივე ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინრეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა