დავით ზალკალიანი - რამდენიმე საათში ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს, 31 მარტს, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ მიერ განხორციელებული რეისით სამშობლოში კიდევ 179 მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ფრენების შესახებ კომენტირებისას POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა შორის არის ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც 23 მარტის შემდგომ საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით. ასევე, 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქე და 40-მდე ტრანზიტული მგზავრი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საელჩოს დახმარებითა და კონსულტაციით, ამსტერდამის გავლით ბრუნდებიან სამშობლოში.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

„ჩვენი დიპლომატები, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ყოველდღიურ, 24 საათიან რეჟიმში არიან კონტაქტზე ჩვენს მოქალაქეებთან, არა მხოლოდ უზრუნველყოფენ მათ ორგანიზებულად დაბრუნებას სამშობლოში შესაბამისი რეისებით, არამედ ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც მათ უჭირთ გადაადგილება ევროპის მასშტაბით, ახდენენ მათ ორგანიზებულ ჩამოყვანას. ხდება უზრუნველყოფა ავტომობილებით და ხშირად, ეს პროცესი გართულებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრ სახელმწიფოს შორის შიდა გადაადგილებაც კი შეზღუდულია. მართლაც, ჩვენი დიპლომატები და საკონსულო სამსახურის თანამშრომლები ძალიან სერიოზულ საქმიანობას ახორციელებენ იმ თვალსაზრისით, რომ დროულად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების მიყვანა შესაბამის აეროპორტებში და შემდგომ, მათი გამომგზავრება,“- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე უკვე მოხდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება სამშობლოში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!