ბულგარეთიდან სამშობლოში საქართველოს 92 მოქალაქე გამოემგზავრა

საქართველოს მთავრობა უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას აგრძელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს, ჩარტერული რეისით, რომელიც განახორციელა ავიაკომპანია „Myway Airlines-მა”, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში გამოემგზავრა საქართველოს 92 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

მათივე ცნობით, ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე შეადგენდა 100 ევროს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

"ეს არის ბულგარეთიდან ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებულად გამომგზავრების მე-2 ეტაპი (დაახლოებით 2 კვირის წინ 90-მდე მოქალაქე სახმელეთო გზით დაბრუნდა სამშობლოში). დღევანდელი რეისის შესრულებამდე, საქართველოს საელჩომ ბულგარეთში დახმარება აღმოუჩინა საქართველოს 100-მდე მოქალაქეს (თავშესაფრის უზრუნველყოფით, მედიკამენტებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით).

საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი ჩამოყვანა საქართველოში გრძელდება. ამ ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, სამშობლოში ჩამოყვანილ იქნა 4000-ზე მეტი მოქალაქე," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი ნიკოლოზ წილოსანი აცხადებს, ის და რამდენიმე ქართველი მძღოლი ბულგარეთიდან საქართველოში ვერ ბრუნდებოდა შექმნილი ვითარების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა.

"მე გესაუბრებით ყველა მძღოლის სახელით. ჩვენ ვიყავით ჩარჩენილები ქვეყანაში, ჩვენ ვართ მძღოლები და ჩარჩენილები ვიყავით ბულგარეთში, სახლებში ვერ ვბრუნდებოდით და მადლობა რომ დაგვეხმარეთ სამშობლოში დასაბრუნებლად," - განაცხადა ნიკოლოზ წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო