„ევექსი ჰოსპიტლები“ მომხმარებლებს ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შესაბამისად განახლებულ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს

„ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელში არსებულ 18-ვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების ყველა სერვისი შეუფერხებლად მუშაობს, მათ შორის კარდიოქირურგიის, კარდიოინტერვენციის, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სერვისების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსი ჰოსპიტლებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, რაც პაციენტებისთვის მაქსიმალურად დაცულ გარემოს ქმნის.

როგორც „ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელში განმარტავენ, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში და გეგმურ ამბულატორიაში შემოსული ყველა პაციენტი დამატებით ტემპერატურულ შემოწმებას გადის და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროტოკოლის სრული დაცვით გადიან შემოწმებას.

„ევექსი ჰოსპიტლების“ სამედიცინო დაწესებულებებში გადაუდებელ მომსახურებასთან ერთად პაციენტებს საშუალება აქვთ კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმშიც მიიღონ:

„კონსულტაციების დისტანციური უზრუნველყოფა აპლიკაცია EKIMO-ს მეშვეობით ხორციელდება. ექიმთან ონლაინ-ჩაწერის, გადახდისა და სერვისით დისტანციურად სარგებლობის საშუალება უკვე აქვთ კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის პაციენტებს. სატელეფონო კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ EKIMO-თი რეზერვაციის შემთხვევაში. აპლიკაცია, ეტაპობრივად, ქსელში შემავალ სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც ამოქმედდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ევექსი ჰოსპიტლების“ ინფორმაციით, ასევე მოქმედებს სერვისების განრიგებიც. იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალში ვიზიტი აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ექიმთან ჰოსპიტლის ცხელი ხაზის საშუალებით ჩაეწერონ და სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურება რეგისტრაციის გავლისა და დერეფანში დაყოვნების გარეშე მიიღონ. (ცხელი ხაზის ნომრები ევექსი ჰოსპიტლების 18-ვე სამედიცინო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ).

„სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჰოსპიტალური ქსელის 18-ვე სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგა უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც პერმანენტულად კონტროლდება. კერძოდ, თითოეული პაციენტის კლინიკური შეფასება ჰოსპიტლის სივრცეში მოხვედრამდე ხორციელდება. პრეტრიაჟი ითვალისწინებს სხეულის ტემპერატურის გაზომვას, ანკეტის შევსებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ხელების დეზინფექციას სპეციალური ხსნარით. ასევე, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით ლიფტებში გამოყენებულია სტიკერები, რომლებიც ჰოსპიტლების ვიზიტორების ერთმანეთისგან ზურგით და დისტანციით დგომას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის დამონტაჟებულია მინის ფარები, შენობის დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ქსელის 18-ვე სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი 24/7-ზე არის მზად, პაციენტებს მომსახურება უსაფრთხოების ყველა პროტოკოლის გათვალისწინებით ეფექტურად გაუწიოს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა