ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“,-აღნიშნულია განცხადებაში.

მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

„იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი, შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ”,-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა