პედიატრიისა და მედიცინის დოქტორის თამარ ობგაიძის განცხადებით, ბცჟ-ს ვაქცინა ტუბერკულიოზის საწინააღმდეგოა და ახალ კორონავირუსთან მისი პირდაპირი კავშირი არ არის

პედიატრიისა და მედიცინის დოქტორის თამარ ობგაიძის განცხადებით, ბცჟ-ს ვაქცინა არის ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინა და ახალ კორონავირუსთან მისი პირდაპირი კავშირი არ არის. მისივე განმარტებით, ბცჟ-ს აცრას განსაკუთრებულად ახასიათებს გამოხატული ანტივირუსული იმუნიტეტის მომარაგება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ვაქცინებთან შედარებით ანტივირუსულ იმუნიტეტს აძლიერებს.

ამასთან, როგორც თამარ ობგაიძემ განმარტა, მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 80-იან წლებამდე ჩატარებული ვაქცინის კვალი, რომელსაც კარგად გამოხატული ბეჭდის ფორმა აქვს, არის ბცჟ-ს ვაქცინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ეს არის ყვავილის აცრა.

„ბცჟ-ს კვალი არის ძალიან მცირე ზომის, მოზრდილ ასაკში შეიძლება ვერც შეამჩნიოთ. ადრეულ ასაკში კი ის გამოხატულად შეიმჩნევა. ანუ, შედარებით დიდი და ყვავილის წრიული ფორმის რომ არის, ეს არის ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც დღეისათვის არ კეთდება, ის 80-იანი წლებიდან აბსოლუტურად გაქრა დედამიწიდან. ბცჟ- ვაქცინა 0-დან 5 დღეზე ტარდება, ანუ ვიდრე ახალშობილი სამშობიაროდან გაეწერება, ეს აცრა იქვე კეთდება. შესაძლოა, მან მცირე კვალიდან უფრო დიდი ზომის კვალიც დატოვოს, რომელზეც შესაძლოა, შენიშნოთ მცირე გამონადენი, სიწითლე . ეს არის ადგილობრივი რეაქცია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა. თუმცა, მინიმალური კვალიც შეიძლება იყოს. საქართველოში, სამშობიარო სახლში ბცჟ-ს ვაქცინა დღესაც ყველა ახალშობილს უტარდება. ასევე მას იყენებს, პრაქტიკულად, პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყანა . ასევე ტარდება აზიის და აფრიკის ყველა ქვეყანაში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ხოლო, ევროპის ქვყენებიდან ძირითადად, ტარდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორიც არის სლოვენია, ბულგარეთი, სერბეთი, მონტენეგრეო, მონაკო. ბცჟ-ს ვაქცინა არ ტარდება იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, არასდროს ჩატარებულა აშშ-ში. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ამ ქვეყნებში ეს ვაქცინა არ ტარდება რუტინულად, ანუ არ უტარდება ყველა ახალშობილს, ეს ვაქცინა ტარდება, მხოლოდ მაღალი რისკის ადამიანებთან. ეს შეიძლება იყოს ის, ვისაც ტუბერკულოზის ინფიცირების რისკი აქვს, ან არის ემიგრანტი და სურს, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნდეს, სადაც მაღალია ტუბერკულიოზის რისკი’, - განაცხადა თამარ ობგაიძემ.

მისივე განმარტებით, ბცჟ-ს ვაქცინის თემა ახალი არ არის. მას აქვს განსაკუთრებული უნარი იმოქმედოს იმუნურ ძალებზე, აამაღლოს ზოგიერთი დაცვის ფაქტორი, მათ შორის, ინტერფერონი და ამ გზით გაუმკლავდეს სხვადასხვა ვირუსულ ინფექციას, სეფსისს. ობგაიძის თქმით, ეს კვლევებით არის დადასტურებული.

„ამიტომაც წამოიჭრა მისი კავშირი ამ დაავადებასთან. სხვათა შორის, ზოგიერთი სიმსივნური დაავადების, დროს ბცჟ, როგორც იმუნოთერაპია, დღემდე კეთდება და წამოიჭრა COVID19-ის შემთხვევაშიც იმიტომ, რომ როდესაც ერთი და იგივე პოპულაციაზე მოხდა დაკვირვება, ნაწილი, რომელსაც ეს ვაქცინა ჰქონდა ჩატარებული, ნაკლებად ავადობდა. ეს, ჯერჯერობით, რასაკვირველია, ვერსიაა და ასეთი ვერსია კიდევ ბევრი იქნება, იმიტომ, რომ ვირუსის ქცევის შესახებ ბევრი რამ ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს (ბცჟ-ს ვერსია) ნაწილობრივ ამართლებს და სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. მელონის სამედიცინო უნივერსიტეტმა კვლევა დაიწყო, კვლევაში 4 000 სამედიცინო მუშაკი ერთვება, რომელთაც ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ამ კონტიგენტს უტარდება ეს ვაქცინაცია და მოხდება დაკვირვება, როგორ ხდება მათი ინფიცირება და როგორი მიმდინარეობა ექნება ამ დაავადებას. ვარაუდობენ, რომ ასეთივე კვლევა ცოტა ხანში დაიწყება გერმანიაში, ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში“, - განაცხადა თამარ ობგაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო