პაატა იმნაძე - ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კორონავირუსიანი პაციენტი და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ეს დაწესებულება დაიხუროს? - პირიქით, ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი, თუმცა, მისივე თქმით, ამის გამო კლინიკები არ უნდა დაიხუროს.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ინგოროყვას კლინიკასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან ჩვეულებრივ კონტაქტად არ ითვლება.

რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

„საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი გვყავს მხოლოდ ერთი, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა. თქვენ წარმოგიდგებიათ საქართველოს ყველა ის საავადმყოფო, სადაც დღეს იმყოფებიან კოვიდიანი პაციენტები, დაიხუროს იმიტომ, რომ იქ არის კოვიდიანი პაციენტი? ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კოვიდიანი პაციენტი. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მერე ყველა ეს სამედიცინო დაწესებულება დაიხუროს? პირიქით, ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო და არსად, არცერთ გაიდლაინში, პროტოკოლში სამედიცინო პერსონალი, რომელიც უნდა იყოს დაცული, მისი კონტაქტი ინფიცირებულ, დადასტურებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად. ეს არის სამედიცინო პერსონალი და ის აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

არსებული ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელს ვირუსის ნიშნები აქვს. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ. ინგოროყვას კლინიკის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ინფიცირებული ახლა ინფექციურ კლინიკაში იმყოფება და მისი ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ნინო ქოჩორაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ, სამი ექიმი პაციენტთან შემხებლობის გამო, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კორონავირუსიანი პაციენტი და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ეს დაწესებულება დაიხუროს?

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს