თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას აგრძელებს

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დარიგების კამპანიას აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს უმრავლესობის წევრები დღეს, საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ შეძენილ ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგებენ.

მათივე ცნობით, პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტი საკრებულოს პირადად თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანიმმა და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების „გურთიარდის“ და „მუსიეთის“ წარმომადგენლებმა გადასცეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, ნობათი დღეს 200 ოჯახს დაურიგდება. გიორგი ტყემალაძემ, პროგრამაში ჩართულ კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია შეუერთდება.

„თბილისის საკრებულო მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას აგრძელებს. სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები დღეს თურქეთის საელჩომ გადმოგვცა. აღნიშნულ დახმარებას, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს მიუტანენ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და დახმარებას მიიღებს ყველა ის ოჯახი, ვინც ამას საჭიროებს“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის თქმით კი, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში, თბილისის მერია განსაკუთრებულ რისკ ჯგუფში მყოფი სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს, თბილისის საკრებულომ კი, დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახებზე აიღო პასუხისმგებლობა.

„დღეს თურქეთის საელჩომ საკმაოდ კარგი პაკეტი გადმოგვცა, რომელსაც ჩვენი დეპუტატები სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს (ოთხი და მეტი შვილი) დაურიგებენ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ პროგრამამ ყველა სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახი მოიცვას”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, პროდუქტს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით, დაარიგებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა