გიორგი აბაშიშვილი - არსებულ ეკონომიკურ კრიზისს თუ ვინმე ე.წ. სტანდარტულ ეკონომიკურ კრიზისად აღიქვამს, ეს მთავარი შეცდომაა

არსებულ ეკონომიკურ კრიზისს თუ ვინმე ე.წ. სტანდარტულ ეკონომიკურ კრიზისად აღიქვამს, ეს მთავარი შეცდომაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კანცლერმა, ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში რაც უფრო მეტი დარგი შენარჩუნდება, ნაკლები ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ნაკლები კომპანია აღმოჩნდება კრიზისის ზღვარზე და რაც უფრო მეტად შენარჩუნდება კავშირები დარგებს შორის, ცხადია, საქართველო ბევრად სწრაფად აღადგენს ეკონომიკას ოპტიმალურ ნიშნულზე კრიზისის შემდგომ.

„არსებულ ეკონომიკურ კრიზისს თუ ვინმე ე.წ. სტანდარტულ ეკონომიკურ კრიზისად აღიქვამს, ეს მთავარი შეცდომაა. შესაბამისად, ნებისმიერი „ზუსტი რეცეპტი“ უბრალოდ არ არსებობს, თუმცა იდეები და დაშვებები ბევრი შეიძლება იყოს. იდეალურ სცენარში, რაც უფრო მეტი დარგი შენარჩუნდება, რაც უფრო ნაკლები ადამიანი დაკარგავს სამსახურს, რაც უფრო ნაკლები კომპანია აღმოჩნდება კრიზისის ზღვარზე და რაც უფრო მეტად შენარჩუნდება კავშირები დარგებს შორის, ცხადია, მეტად მსუბუქი ვითარება გვექნება მოკლევადიან პერიოდში და ბევრად სწრაფად აღვანდგენთ ეკონომიკას ოპტიმალურ ნიშნულზე კრიზისის შემდგომ.

ცხადია, მთავარი გამოწვევა ძირითადი ეკონომიკური დარგების/სუბიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირება და იმ ადამიანებისათვის ადეკვატური რესურსების უზრუნველყოფაა, რომლებიც კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა. არსებულ ვითარებაში ეკონომიკური კრიზისის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შენარჩუნდეს ყველა დარგი, ცხადია, შესაბამისი კონტროლის ქვეშ, სადაც შესაძლებელია გაგრძელდეს ელექტრონული ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ეს ორივე მხარის ინტერესშია და კრიზისის შემდგომი ეკონომიკის სწრაფ აღდგენასაც მეტად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილს მიაჩნია, რომ ასევე უმნიშვნელოვანესია რათა ყველაფერი გაკეთდეს საერთაშორისო ვაჭრობის და ზოგადად, სავაჭრო ეკონომიკური კონტაქტების შესანარჩუნებლად.

„აღნიშნულს პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც შედარება ხდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი თანხა დახარჯეს განვითარებულმა ქვეყნებმა ამ მიმართულებით (თუმცა კი, შედეგებზე მსჯელობა ცალკე საკითხია) და რამდენი უნდა დახარჯოს საქართველომ, სრულიად არარელევანტურია.

ყველამ მარტივად უნდა გაიაზროს, რომ განვითარებულ ქვეყნებს დროის მოკლევადიან პერიოდში შემოსავლების შემცირების შემთხვევაშიც კი, ბევრად მეტი ხარჯების გაწევა შეუძლიათ ვიდრე განვითარებად, ჩვენს მსგავს ქვეყნებს. საქართველოს და საქართველოს მსგავი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს არსებული ბიუჯეტების თუნდაც ოპტიმალურად გადასანაწილებლად სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დახმარების მოთხოვნა სესხებისა თუ გრანტების სახით. ამ რესურსების მოძიებაზე კი დამატებითი დრო იხარჯება. მე არ მიმაჩნია სწორად ე.წ. პანაცეა - ციფრების დასახელება 2, 3 თუ 5 მილიარდი სჭირდება კრიზისიდან სრულად გამოსვლას და თუ ვინმე ამას მტკიცებით ფორმაში იტყვის, მაშინ იქნებ ვთხოვოთ, რომ დროც დაასახელოს ვირუსის დასრულების“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა