ზალკალიანი - საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესი ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკვე თვეზე მეტია აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესზე. ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანი განმარტავს, სამინისტრო საზოგადოებას რეგულარულად აწვდის ფრენების განრიგს, რომელიც საკოორდინაციო საბჭოსთან თანხმდება. მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში რეისების განხორციელებას ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ უზრუნველყოფს.

„ხვალ იქნება ახალი რეისები, რომლებიც განხორციელდება ბერლინიდან, ასევე ვარშავიდან, და შემდეგი რეისი ათენიდან და ლარნაკადან. ჩვენ, გუშინ საზოგადოებას ვაუწყეთ ორი დამატებითი რეისის შესახებ: ეს გახლავთ 12 აპრილს რეისი ბერლინიდან და 14 აპრილს - ამსტერდამიდან. ასევე უნდა ვახსენოთ ლონდონის რეისიც, რომელიც სავარაუდოდ, 4 აპრილს შესრულდება. ეს არის ის უახლოესი განრიგი, რომელსაც ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ და ბუნებრივია, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია, რომ მოქალაქეების დაბრუნების პროცესი კარგად კოორდინირებული, კარგად ორგანიზებული და სრულ თანხვედრაში იყოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლით გაწერილ მოთხოვნებთან.

ზალკალიანმა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ბოლო დღეების განმავლობაში შესრულებულ რეისებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეისების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ ბერლინიდან, ვენიდან და ამსტერდამიდან. ბულგარეთიდან დამატებითი რეისით გუშინ 92 პირი ჩამოფრინდა საქართველოში. ხოლო, დღეს, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეები ბორნით ბრუნდებიან.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე ზრუნვა პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო და ის ამ ძალისხმევას მომავალშიც გააგრძელებს.

„მეამაყება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც საქართველოზე დიდმა, ძლიერმა და სისტემურმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს,“ - განახადა “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ზალკალიანმა.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მსოფლიო მასშტაბით COVID-19 გავრცელების ფონზე, ამ ეტაპზე, საქართველოს 4500 მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება მოხერხდა სამშობლოში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა