„სოციალ-დემოკრატები“ ხელისუფლებას სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შექმნას და მასში სავალდებულო შენატანის დაწესებას სთავაზობენ

პარტია „სოციალ-დემოკრატები“ ხელისუფლებას სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შექმნას და მასში სავალდებულო შენატანის დაწესებას სთავაზობს.

როგორც პარტიის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობამ აღნიშნული გადასახადი შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს 1 წლის ვადით უნდა დაუწესოს. მისი თქმით, 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებმა სოლიდარობის ფონდში შემოსავლის 20% უნდა გადარიცხონ, 6 ათსი ლარიდან 8 ათასამდე - 30%, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40%. ჟორჟოლიანის განცხადებით, ეს წინადადება უზრუნველყოფს წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის მობილიზებას და იგი მოხმარდება იმ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგა შემოსავალი.

„ჩვენი წინადადება სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 24 მარტს, გულისხმობდა საყოველთაო სავალდებულო შენატანის (ფაქტიურად გადასახადის) შემოღებას და ამ საშუალებით სპეციალური სახსრებს მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს სახსრები მთავრობის მიერ გამოყენებული იქნებოდა იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგეს შემოსავლები და პრაქტიკულად საარსებო წყარო.

რაც შეეხება ნებაყოფლობით საქველმოქმედო შენატანებს, რა წინადადებითაც გამოვიდა პარტია „ქართული ოცნება“ 2 აპრილს - ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია ჩვენი ინიციატივისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქველმოქმედების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ აბსოლუტურად არასერიოზულია, სახელმწიფომ და მთავრობამ პოლიტიკა განსაზღვროს და განახორციელოს კერძო ინიციატივების იმედად და ცალკეული პარტიების ტაქტიკური თუ საარჩევნოდ განსაზღვრული ნაბიჯების გათვალისწინებით. 1 აპრილს მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება არსებული ბიუჯეტიდან ოპტიმიზაციისა და მომჭირნეობის საშუალებით 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ, ეკონომიკის და სოციალური სფეროს მხარდასაჭერად. დამატებით გამოიყოფა 351 მილიონი ლარი უშუალოდ ჯანდაცვის სფეროსთვის. ამავე დროს, პრემიერმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება 3 მილიარდი ლარით. არ არის გამორიცხული და სავარაუდოა საბიუჯეტო შემოსავლების კიდევ უფრო მეტი კლება და ხარჯების კიდევ უფრო მეტი ზრდა. აშკარაა, რომ ამ ზარალის დაბალანსებას და ჩვენს მოქალაქეთათვის აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას არ ეყოფა მხოლოდ ის სახსრები, რომლებიც შეგვიძლია, მოვიზიდოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და უცხოელი დონორებისგან,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, სრული პასუხისმგებლობა კრიზისის დაძლევაზე, მოქალაქეთა გადარჩენაზე და ეკონომიკის პოტენციალის შენარჩუნებასა და მომავალ განვითარებაზე ეკისრება მთავრობას.

„სოციალური და ეკონომიკური რთული მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მძიმდება და უახლესი 6-8 თვის (ან 1 წლის) განმავლობაში რეცესია და ეკონომიკის უპრეცენდენტო ვარდნაა პროგნოზირებული. ამ საგანგაშო და ურთულეს ვითარებაში სრულად უნდა იქნეს ამოქმედებული ყველა მოაზრებადი შიდა რესურსი მთავრობის მიერ ადამიანთა გადასარჩენად. ჩვენ სრულად ვიაზრებთ პრემიერის მიერ გახმოვანებულ პოზიციას: სრული პასუხისმგებლობა კრიზისის დაძლევაზე, მოქალაქეთა გადარჩენაზე და ეკონომიკის პოტენციალის შენარჩუნებასა და მომავალ განვითარებაზე ეკისრება მთავრობას. შესაბამისად, სწორედ მთავრობისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა მოაზრებადი რესურსის (ფინანსური და არაფინანსური) მობილიზება ამ ამოცანების გადასაჭრელად. სწორედ აუცილებელი ფინანსების მობილიზებას შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად გულისხმობს ჩვენი წინადადება, რომელიც უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით. ასეთი თანხა მოგროვდება თუ შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათსი ლარიდან 8 ათასამდე - 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით - 1 წლის ვადით მთავრობის მიერ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ სოლიდარულ აქციას. მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს