სურსათის ეროვნული სააგენტო - ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად გაგრძელდება

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა და სასოფლო-სამეურეო კულტურების დაცვა მავნებლისგან შეუფერხებლად გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს რეგიონებში - სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემებს ამონტაჟებენ.

აღნიშნული სადგურები მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება შეწამვლითი სამუშაოები. ამჯერად მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა სამეგრელოს რეგიონში - აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მონიტორინგის სისტემები ეტაპობრივად განთავსდება საქართველოს ყველა რეგიონში.

„ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, რომლებიც ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავად ხეხილისა და თხილის ბაღებში აგროკალენდრით გათვალისწინებულ შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებენ. როგორც ფერმერები აცხადებენ, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მიმდინარე წელს ფაროსანას რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო