მამუკა მდინარაძე - სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ 9 თვეზე მეტია ვსაუბრობთ - 20 ივნისს უკანონო ბრძანება გასროლაზე არავის გაუცია

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - ის, რომ უკანონო ბრძანება გასროლაზე არავის გაუცია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრისას, სადაც ომბუდსმენი 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ და უკანონო ბრძანება არავის გაუცია.

„აბსოლუტურად არარელევანტურია მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს იქ მონტაჟის კვალი არსებობს ან რაციების ჩანაწერიდან ვიღაცამ რაღაც ამოჭრა, რადგან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მონტაჟის კვალი აქ არ არსებობს. შესაბამისად, დასტურდება ისიც, რომ უკანონო დავალება არავის არ გაუცია - პოლიციელები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე რამდენიმე საათის განმავლობაში შტურმი იყო მიტანილი. ყველანი ვხედავდით, რომ პოლიციელებს აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეაქცია ამაზე, შემთხვევებში, არის გამოსაძიებელი, მაგრამ რაც მთავარია, დადასტურდა ის, რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით - ბრძანება გაცემული არ ყოფილა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.

„სახალხო დამცველი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, ვინაიდან, მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური საშუალების არაპროპორციული გამოყენება) და როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, მას ჰქონდა ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები. ეს დასკვნა ეფუძნება რაციის ჩანაწერებს, რომელსაც გაეცნო სახალხო დამცველის აპარატი. აღსანიშნავია, რომ რაციის ჩანაწერებში ფიქსირდება წყვეტები“, - ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა