გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ მზად არიან, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ დააბრუნონ. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავიდან უფასო ავიარეისების განხორციელების საშუალება იყო, თუმცა ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსულტაციები გაიმართოს.

„ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზეს ევროპის იმ დედაქალაქებიდან, სადაც განსაკუთრებით დიდია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია და სადაც საქართველოს მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, იყო საშუალება, უფასო რეისები განხორციელებულიყო რომიდან, ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავიდან. ამისთვის ავიაკომპანიაც მოძიებული იყო და შესაბამისი სახსრებიც. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ცივი და მტკიცე უარი მივიღეთ. დაიკარგა ძვირფასი დრო, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ზოგიერთ ადგილას, ჩვენს საელჩოებთან პოლიციის მობილიზებაც კი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანების კანონიერი პროტესტი შეეწყვიტათ. გუშინწინ ერთი-ერთი ტელეარხის საშუალებით პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ხელისუფლება მზად არის ჩვენი შეთავაზება მიიღოს და ასეთი რეისები განახორციელოს. თავიდან მოგვიწია ყველა მოლაპარაკების ჩატარება და მინდა საზოგადოებას მოვახსენო ამ მოლაპარაკებების შედეგი.

ორშაბათიდან დაწყებული, არის საშუალება, განხორციელდეს რამდენიმე უფასო რეისი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოვიყვანოთ. ეს რეისები იქნება უფასო. ამ უფასო რეისებისთვის ავიაკომპანიებიც არის უკვე და შესაბამისი სახსრებიც მოძიებულია, მაგრამ ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ავიაკომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტები ოფიციალური ნოტის თანხლებით საჭიროა სასწრაფოდ გადაეგზავნოს იმ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საიდანაც ფრენები განხორციელდება“,-აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, ავიარეისების მიმართულება და რიგითობა ხელისუფლებასთან კონსულტაციის გზით უნდა განისაზღვროს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, არც ერთ ფიზიკურ პირს და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია მგზავრთა სიები შეადგინოს ისე, რომ სოციალური სამართლიანობა დაცული იყოს.

„იმისთვის, რომ ამ რეისებზე უპირველეს ყოვლისა, ბავშვიანი ოჯახები მოხვდნენ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში სამკურნალოდ იყვნენ ჩასული და განუკურნებელი სენი სჭირთ. ადამიანები, რომლებიც ყველაზე გაუსაძლის პირობებში არიან და წყლის ფული არ აქვთ, ყოველგვარი სახსრებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე არიან დარჩენილი, ეს ხელეწიფება მხოლოდ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოს. თუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუჯერებთ, გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია კეთდებოდა. შესანიშნავია, უფრო ნაკლები დრო დაიკარგება. ამიტომ, საჭიროა გადაუდებელი კონსულტაციების ჩატარება. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას, ისევე როგორც მზად ვიყავით 9 დღის წინ. მზად ვართ დავსხდეთ, გავიაროთ ეს საკითხი, გადავაბაროთ მათ ეს მომზადებული რეისები და შემდეგ განვახორციელოთ ფრენები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ განსაცდელის ჟამს სამშობლოში დავაბრუნოთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა