კრიზისის სწორმა მართვამ და კრიზისმენეჯმენტის თავში სწორი ხალხის ყოფნამ გაამართლა, - ასე უპასუხა ამირან გამყრელიძის შვილმა, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დასმულ კითხვას, ვირუსთან საბრძოლველად ხელისუფლების სტრატეგიაში ყველაზე მეტად რამ გაამართლა. მისი თქმით, ხელისუფლება დღეს მწყობრ გადაწყვეტილებებს იღებს და ვირუსთან ბრძოლისას სწორედ ამ დისციპლინამ საქართველო ასე თუ ისე წარმატებით მოიყვანა აქამდე.
„ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მწყობრად მიღება და არ შეგეშინდეს თუნდაც არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება. როდესაც საქართველო ცას კეტავდა, სოციალურ ქსელში ვაკვირდებოდი და დისკუსია იყო ამაზე. თუნდაც როდესაც იკეტებოდა ქვემო ქართლის რეგიონი, ძალიან რთულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. მოხარული ვარ, რომ ხელისუფლება დღეს მწყობრ გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ეს დისციპლინა და მწყობრი გადაწყვეტილებები არის ის, რამაც ჩვენ აქამდე ასე თუ ისე წარმატებით მოგვიყვანა ვირუსთან ბრძოლაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი კიდევ წინ არის. მოდუნების უფლება არ გვაქვს. შემდეგი 5-6 კვირა იქნება ძალიან რთული. ხედავთ უკვე, რომ მატება იმაზე მეტია, ვიდრე იყო და ეს ასე გაგრძელდება. შიდა გავრცელების ფაზაში ვართ გადასული. ამიტომ ჩვენ თუ პასუხისმგებლიანი მოსახლეობა არ ვიქნებით და არ დავემორჩილებით წესებს, აქ მარტო ხელისუფლება ვერაფერს ვერ იზამს, რაც არ უნდა სწორი სტრატეგია დადოს,“ - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.