ამირან გოგიტიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი ბოლო მორიგეობისას 11 გამოძახებაზე იმყოფებოდა, თუმცა სპეციალური ეკიპირებით იყო აღჭურვილი

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლო მორიგეობაზე, 31 მარტს 11 პაცინტთან იმყოფებოდა, თუმცა მათი დაინფიცირების რისკი თითქმის არ არსებობს, რადგან ექიმი გამოძახებაზე სპეციალური ეკიპირებით იმყოფებოდა.

„როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ის ღონისძიებები, რაც აუცილებელია, მათ შორის ამ ადამიანთან კონტაქტში მყოფთა თვითიზოლაციასა და კარანტინში გადაყვანა. მყისიერად დადგინდა ის კონტაქტები, თუ ვისთან ჰქონდა შეხება ამ პერიოდში და მინდა გითხრათ, რომ გუშინვე მოხდა ის, რომ ყველა ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ექიმს, არის იზოლირებული - ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კარანტინში. ამ ეტაპზე ასეთია 30 ადამიანი. რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანი დადიოდა გამოძახებაზე, მორიგეობდა 31 მარტს, სიმპტომები კი დაეწყო 2 აპრილს. შესაბამისად, ძალიან დაბალი იყო რისკი, რომ მისი მორიგეობის დროს ის ყოფილიყო გადამდები, თუმცა ჩვენ გავატარეთ მაინც პრევენციული ღონისძიებები. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ადამიანი გამოძახებაზე, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის დანარჩენი ბრიგადის წევრები, დადიოდა სპეციალური ეპიკირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი ვერ დაინფიცირდება პაციენტისგან, პაციენტი კი ვერ დაინფიცირდება ექიმისგან - ამის შანსი თითქმის არ არსებობს.

ეს ადამიანი 11 გამოძახებაზე იყო მისული, მორიგეობის ფარგლებში. ჩვენ მოვიკვლიეთ ყველა შემთხვევა. ამ პაციენტებსა და მათ ოჯახებთანაც გვქონდა გასაუბრება და შესაბამისად, ეპიდემიოლოგიურად, ვინც საჭირო იყო მომხვდარიყო იზოლაციაში, გადასულია იზოლაციაში.

დაინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან, რომელიც წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს“, - აღნიშნა გოგიტიძემ.

მისივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თავს კარგად გრძნობს.

„ჩვენი კოლეგა თავს გრძნობს კარგად. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვაკვირდებით და გვაქვს მონიტორინგი და იმედია, ასეც გაგრძელდება.

რაც შეეხება მის ასაკს და სხვა პერსონალურ მონაცემებს, ვერ გაგიზიარეთ ამ ინფორმაციას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არის გადაუდებელი ცენტრის ექიმი“, - აღნიშნა გოგიტიძემ.

სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მისი ინფიცირება სავარაუდოდ, მეუღლისგან მოხდა, რომელიც ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმს ბოლო მორიგეობა 31 მარტს ჰქონდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს