გიგი წერეთელი - სამედიცინო პერსონალის საქმიანობა ახლა გადამწყვეტია, ამიტომ მხოლოდ ქება საკმარისი არ არის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ექიმების საქმიანობა ახლა გადამწვეტია და მხოლოდ ქება საკმარისი არ არის. მისივე განმარტებით, როგორც მაღალი რისკის ჯგუფის, ექიმთა ტესტირებაც აუცილებელია, თუმცა, ეს საკითხი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჯერ კიდევ მოგვარებული არ არის.

„არსებული სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით რთულდება და ამის პროგნოზი კეთდებოდა კიდეც. გარდაცვალების პირველი, ძალზე სამწუხარო ფაქტი, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება თუ ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების ზრდა, ამის ინდიკატორებია. ამიტომ, ახლა, განსაკუთრებით საყურადღებოა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის მკაცრი დაცვა და საგანგებო წესების შესრულება გამონაკლისების გარეშე. ამავდროულად, სწორედ, მომავალ რამდენიმე კვირაში გამოიცდება ჯანდაცვის სიტემის მზადყოფნაც.

საზოგადოება მადლიერია ექიმების, სამედიცინო პერსონალის, და ამას გამოხატავს კიდეც. ამავდროულად, მათი დაცვა და უზრუნველყოფა საჭირო ეკიპირებით, მედიკამენტებით, ტექნიკით თუ მკაფიო პროტოკოლებით, გადამწყვეტია. როგორც მაღალი რისკის ჯგუფის, მათი ტესტირება აუცილებელია, თუმცა, არც ეს საკითხია მოგვარებული ჯერ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ზოგადად ფართო ტესტირება სხვა რისკ- ჯგუფებსაც სჭირდებათ, და საერთოდ, პანდემიასთან ბრძოლაში წარმატების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტადაც ითვლება მსოფლიოში.

იმ საინფორმაციო საიტებზეც, რომელსაც ყველა თვალს ადევნებს. ახალი თუ გამოჯანმრთელების შემთხვევების, სიკვდილობის ინდიკატორებთან ერთად, ქვეყნებში ტესტირების მაჩვენებლებიც დაემატა ახლახანს. სხვანაირად, სწორი სტატისტიკა და ეპიდსურათი არ არსებობს, ვერც დროული გამოვლენა და მკურნალობა ხერხდება, ვერც საკარანტინო დროის შემცირება და ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, „თუ ვინმე უნდა იღებდეს პრემიას ან რაიმე ბონუსს, პირველ რიგში, სწორედ ექიმები, და არა რომელიმე მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკები.“

„ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს თუ დამხმარე პერსონალს, არც მაღალი ხელფასები აქვთ და ხშირად ისიც დაგვიანებით მიღებული, ტრანსპორტით მგზავრობის თანხებიც უჭირთ და უმეტესობის ოჯახიც ეკონომიკურად ისეთივე მძიმე მდგომარეობაშია, როგორც უამრავი სხვა ოჯახი საქართველოში. ოღონდ, მათ გაჩერების უფლება არ აქვთ, მათი საქმიანობა ახლა გადამწყვეტია, ამიტომ, მხოლოდ ქება საკმარისი არ არის“, - აღნიშნავს გიგი წერეთელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო