სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება

სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, წერეთლის გამზირი მოირეცხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან და დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.

„მიმდინარეობს წერეთლის გამზირის მორეცხვის სამუშაოები. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ის კონკრეტული ქუჩები, სადაც ყველაზე ხალხმრავალი ადგილებია, სპეციალური ხსნარებით იქნება დამუშავებული. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, „თბილსერვისთან“ ერთად. თითოეულ თანამშრომელს უღრმესი მადლობა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, შემდეგ „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ასევე, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩას და ყაზბეგის გამზირს, ხოლო გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩებს ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს