ვეტერინარების განცხადებით, ამ ეტაპზე შინაური ცხოველები კოვიდ 19-ით არ ავადობენ, ამდენად, მიუღებელია ცხოველების სახლიდან გამოყრა

საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტის, ვეტერინარ მარიამ ჩხიკვიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე შინაური ცხოველები არ ავადობენ კოვიდ 19-ით და ისინი საშიშროებას არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მხრიდან არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ცხოველზე გადადის ან პირიქით.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 ადამიანიდან ცხოველზე გადადის და პირიქით, მაგრამ სინამდვილეში, მსგავსი ფაქტები მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მხრიდან არ დასტურდება. დღეისათვის, საბოლოოდ დადასტურებული დიაგნოზი, ადამიანიდან ძაღლზე ან ადამიანიდან კატაზე, ან ადამიანიდან ვეფხვზე დაავადების გადასვლის არ არსებობს. საბოლოო ჯამში, მინდა გაცნობოთ, რომ დღეისათვის პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ცხოველები ამ ეტაპზე ნამდვილად არ ავადობენ კოვიდ 19-ით და საშიშროებას არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“, - განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.

მიკრობიოლოგი გიორგი მელაშვილის თქმით კი, ვიდრე ოფიციალურად არ დადგინდება კორონავირუსის ადამიანიდან ცხოველზე გადადების ფაქტი, მანამდე ამაზე გადაჭრით ვერავინ ისაუბრებს.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს ცხოველები ავადდებიან ვირუსით, შეიძლება იყოს სიმართლე, მაგრამ ასევე, შეიძლება დიდი ალბათობით იყოს მცდარი, რადგან კორონავირუსებს აქვს ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებშიც ერთმანეთთან ხასიათდებიან ჯვარედინი რეაქტიურობით. შეიძლება ერთი კორონავირუსი ჰქონდეს, მაგრამ გარკვეული ანალიზით დადასტურდეს, რომ არის სხვა კორონავირუსი. ამიტომ, ვიდრე არ დადგინდება, რომ ცხოველს მართლაც ადამიანის კორონავირუსი დაუდგინდა, მანამდე გადაჭრით ვერავინ იტყვის და ასეცაა, გადაჭრით არავინ ამტკიცებს, რომ ცხოველებს ეს დაავადება ემართებათ. აქედან გამომდინარე, მიუღებელია ის, რომ ადამიანები მოვერიდოთ ცხოველებს და გამოვაგდოთ სახლიდან“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას ვეფხვის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ, SEED საქართველოს დირექტორის ლევან ბუთხუზის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაური ცხოველები შეიძლება წარმოადგენდნენ საშიშროებას, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ წუთის მონაცემებით, მსგავსი რამ არ დასტურდება. ჩვენი შინაური ცხოველები უნდა იყვნენ ჩვენთან და არ მგონია, რომ რაიმე საშიშროება ჰქონდეთ. თუ ისინი ჩვენთან ერთად არიან და მათთან ერთად ვიცავთ სოციალურ დისტანციას, მათზე არაფერი არ გადავა. რაც შეეხება ველურ ცხოველებს, რა თქმა უნდა, იმ აზრის უგულებელყოფა არ შეიძლება, რომ ველური ცხოველებიდან შესაძლებელია გადმოვიდა თავად კორონავირუსი. არ არის საჭირო ამ პერიოდში ველურ ცხოველებთან გვქონდეს კონტაქტი, ვგულისხმობ, ნადირობას. რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით ველურ ცხოველებთან, მით უფრო ნაკლებია შანსი, ვირუსი ჩვენზე გადმოვიდეს“, - განაცხადა ლევან ბუთხუზმა.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს