დავით ხარატი - გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების უფლების მიცემას ითვალისწინებს, რეალურად არ სრულდება

პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების უფლების მიცემას ითვალისწინებს, რეალურად არ სრულდება , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა დავით ხარატმა განუცხადა.

დავით ხარატი ორი სხვადასხვა შემთხვევის შესახებ საუბრობს, როცა მის დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულებს ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან სატელეფონო საუბრის საშუალება არ მიეცათ.

„ერთი პატიმარი გლდანშია, მეორე მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არც ერთს არ ეძლევა დარეკვის შესაძლებლობა. დღეს მითხრეს, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ასეთი გადაწყვეტილება ოფიციალურად, წერილობით არ მიუღიათ და ვერ დაარეკინებენ ბრალდებულს. მეორე პატიმარზე გენერალური პროკურატურის პროკურორმა ზაზა ქორიძემ პირდაპირ თქვა, რომ ხელმძღვანელს ესაუბრა და მან უთხრა, რომ ამ პატიმარს დარეკვის უფლებას მაინც არ მისცემენ. ესე იგი ეს ინფორმაცია არასწორია, ტყუილს ავრცელებენ.

პაემნები შეზღუდულია და ადვოკატების შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად შეზღუდული გამოდის. გეუბნებიან, რომ ოთახში ორზე მეტს ვერ დასვამენ, რიგში დგომა გიწევს და თუ შეხვედი ელაპარაკები შუშის ბარიერის იქით ტელეფონის მეშვეობით, რომელიც იწერება. კი ბატონო, საგანგებო მდგომარეობა გასაგებია, მაგრამ როცა ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და პატიმრის მშობლები რეკავენ ჩვენთან, რომ უნდა დაერეკა მათ შვილს ციხიდან და არ რეკავს, ეს გვაყენებს უხერხულ მდგომარეობაში“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 3 მარტს პროკურტურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს