7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ამ თარიღს ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს ინიციატივით „გამონახე წუთი, უთხარი #მადლობა!“ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანების გადამწყვეტ როლს COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ექიმებს დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის მადლობას უხდის.
“ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში. დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება ჯანდაცვის, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულების, შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი საერთაშორისო ასამბლეა1948 წელს გამართა. 1950 წელს კი, ასამბლეის გადაწყვეტილებით, 7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.