მეუფე ნიკოლოზი - ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სასულიერო პირები თანდათან სწავლობენ რთულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ ისე, რომ არც მრწამსს უღალატონ და არც წესრიგი დაარღვიონ.

როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს ისინი დაიცავენ. მისივე განცხადებით, ხატებზე მრევლს აღარ ამთხვევენ, მათ მოძღვრები პირჯვარს გადასახავენ და ნაკურთხ წყალს ასხურებენ.

„როცა საქართველოში საგანგებო ვითარება გამოცხადდა, შაბათი საღამო იყო. კვირა დილას ბევრ ტაძარში უკვე დაცული იყო დისტანცია. ჟურნალისტებს და ტელევიზიებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა ან ეკლესიისგან ხალხისთვის, ან ხალხისგან ეკლესიისთვის, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს, ეს არის ის საშინელი ეპიდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. ეს არის ჩვენი მტერი, მტერი, რომელსაც ჩვენი სიკვდილი უნდა, ჩვენ ამაში ყველანი ვერთიანდებით და ჩვენი ძალის მიხედვით, ვცდილობთ თავი დავიცვათ.

რაც შეეხება ეკლესიებში წესრიგის დაცვას, თანდათანობით, რამდენადაც შეგვიძლია, ვცდილობთ, ეს წესრიგი დაცული იყოს. ყველამ იცის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანცია უზრუნველყოფილი იყოს. რაც შეეხება ხატებზე და ჯვარზე მთხვევას, ადამიანს ვერ ავუკრძალავთ, რომ ჯვარზე ემთხვიოს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოვუწოდებთ. ამას წინათ, გავრცელდა კადრები აქ, სამების ტაძარში ჯვარზე როგორ ემთხვეოდნენ, მღვდელმა შემოატარა ჯვარი მთხვევისთვის, ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი უნდა მისულიყო ჯვარზე სამთხვევად და შეიძლება დისტანცია დარღვეულიყო. ახლა გავაფრთხილეთ მოძღვრებიც, რომ ასე ნუღარ მოიქცევიან, გადასახონ ჯვარი და ასხურონ ნაკურთხი წყალი. ასე რომ, ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ. ეს არის ჯანდაცვის და ჩვენი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის საერთოა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს