კახა ხაზარაძე - მთავრობაში ცოტა დაბნეულობაა და ვერ გააანალიზეს, რამდენად მასშტაბური შეიძლება გახდეს ეკონომიკური პრობლემები

მთავრობაში ცოტა დაბნეულობაა და ვერ გააანალიზეს, რამდენად მასშტაბური შეიძლება გახდეს ეკონომიკური პრობლემები, - ამის შესახებ ბიზნესმენმა და კორპორაცია ICR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ ონლაინ გაყიდვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსმა აკრძალვებმა უკვე გააჩინა ე.წ. შავი ბაზარი, რომელიც რისკებს აჩენს და ზრდის კორონავირუსის გავრცელების შანსს.

„ადამიანებს კვების პროდუქტების გარდა, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც ესაჭიროებათ. როდესაც ბაზარზე მიწოდება აღარ არის, მათ დაიწყეს პროდუქციის ძებნა და ონლაინ გაჩნდა ძალიან ბევრი გაუგებარი ვებგვერდი, სადაც კერძო პირები სხვადასხვა ნივთს გვთავაზობენ ყოველგვარი ნებართვების გარეშე.

გაჩნდა ქაოსური გაყიდვა, ე.წ. შავი ბაზარი. მიწოდება არ ექვემდებარება არანაირ რეგულაციას, რადგან ეს არის კერძო პირი და არ კონტროლდება მიტანის სტანდარტი. შესაბამისად, მივიღეთ კორონავირუსის გავრცელების უფრო დიდი რისკი. ჩვენ ორგანიზებულად ვაწვდიდით მომხმარებლებს ჩვენს პროდუქციას. ორი წელია, ონლაინ ვყიდდით და ლიცენზირებული კომპანიები უზრუნველყოფდნენ მიტანას, როგორიც არის გლოვო, ვოლტი, საქართველოს ფოსტა, ჩემიფოსტა, ტნტ და ა.შ. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა აუცილებელ რეკომენდაციის და მოთხოვნის სრული დაცვით ვახდენდით ავეჯის მიწოდებას ჩვენი გადამტანი ჯგუფების საშუალებით, რომელიც მთლიანად გაჩერდა. ეს მძიმედ აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე’’, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ კომპანიებმა თანამშრომლები უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ერთადერთ წყაროსაც უკეტავს ბიზნესს, რომ რამენაირად საოპერაციო ხარჯები, ხელფასები დაფაროს და მომავალში რეაბილიტაცია შეძლოს.

„რაც დრო გადის, ეკონომიკური პრობლემები იზრდება, ასევე იზრდება კორონავირუსის გავრცელების რისკი, რადგან სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, ვინ როგორ ახორციელებს მიტანას ონლაინ ქაოსური გაყიდვებიდან. ჩვენი კომპანიების შემთხვევაში მათ ჰქონდათ კონტროლის მექანიზმი. მთავრობას რეგულაციაში უნდა განეცხადებინა, რომ არსებობს ლიცენზირებული კომპანიები, რომელსაც მისცემდნენ ნებართვას, რადგან მათ აქვთ მომხმარებელთან მიწოდების გამოცდილება და იციან, თუ რა რეგულაციები უნდა იყოს დაცული. ონლაინ გაყიდვების უფლება მხოლოდ ამ მიწოდების სერვისების გამოყენების შემთხვევაში უნდა გაეცათ გასაგები იქნებოდა და ის კერძო პირიც თუ გაყიდიდა, ვალდებული იქნებოდა, რომ მიტანის სერვისი გაეფორმებინა ამ კომპანიებთან,მაშინ ის რისკი, რასაც ხელისუფლება ხედავს კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით, ავტომატურად მოიხსნებოდა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობამ ვერ გათვალა რამდენად დიდი ეკონომიკური პრობლემა დადგებოდა. ერთი მხრივ, მოუწოდებენ, რომ კომპანიებმა თანამშრომლები შეინარჩუნოს, რომ ნაკლები უმუშევარი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ კრძალავენ რეალიზაციის ერთადერთ წაროს ამ ეტაპზე, რომ რაღაცნაირად გადაიტანოს ბიზნესმაც ეს რთული პერიოდი. თუ კომპანიას შემოსავალი არ ექნება ნიშნავს, რომ ერთი და ორი თვის შემდეგ შეიძლება ბაზარზე ვეღარც დაბრუნდეს’’ ,- განაცხადა ხაზარაძემ.

ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს კრიტერიუმების არარსებობაზე, რომელიც ონლაინ ვაჭრობის უფლებას განსაზღვრავს.

„მთავრობამ, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოიღო რეგულაციები და განაცხადა, რომ ისინი მიცემდნენ ფუნქციონირების და ონლაინ გაყიდვის უფლებას მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელიც პრიორიტეტულია ქვეყნისთვის. იმის მაგივრად, რომ ჩამოეყალიბებინათ, ბიზნესის რა დარგებს ტოვებდნენ, 68 კომპანიის სია გააკეთეს, სადაც ჩვენ ვერანაირი კრიტერიუმი ვერ დავინახეთ. გარკვეულ კომპანიებს მისცეს მუშაობის და ონლაინ გაყიდვის უფლება, დანარჩენებს კი გაუჩერეს“, - განაცხადა კორპორაცია ICR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

კახა ხაზარაძის განცხადებით, მისი რესტორანი გადასულია ონლაინ მომსახურებაზე და საკვები პროდუქციის მიწოდება საზოგადოებისთვის არ ეზღუდება. შესაბამისად, აცხადებს, რომ გაუგებარია, თუ კვების ნაწილში აქვს უფლება, მაშინ რატომ ეკრძალება სხვა პროდუქციის გაყიდვა, რადგან დღეს ნებისმიერი შეძენა მომხმარებლის მხრიდან ხდება მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე და არა ფუფუნებისთვის.

„ეკონომიკის მინისტრს შევხვდით და განვუცხადეთ, რომ ჩვენი ძირითადი შემოსავალი - ამ შემთხვევაში სავაჭრო კომპანიების - იყო გაყიდვები. ამიტომ, რეალურად, პრობლემა შეგვექმნა. დარჩა მხოლოდ ონლაინ გაყიდვები, რომელიც დაახლოებით 7-8 პროცენტია დღეს მთლიან გაყიდვებში. შესაბამისად, ხელისუფლებას მივმართეთ, რომ დამატებითი შეღავათები გაეკეთებინა სახელმწიფოს ბიზნესისთვის. ჩვენ არ ვთხოვდით იაფ ფულს ან რამის ჩუქებას. ჩვენ იმპორტირებულ საქონელზე დღგს ვიხდით საბაჟოზე განბაჟების დროს, რადგან არც რეალიზაცია გვაქვს და არც შემოსავალი, ვითხოვეთ, რომ საბაჟოზე გადასახდელი დღგ გაეუქმებინათ და დღგ-ს გადახდა განხორციელებულიყო რეალიზაციიდან, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ კეთდებოდა. ანუ, საბაჟოზე არ მოეთხოვათ დღგ-ს გადახდა და გაყიდვებიდან გამომდინარე გადაგვეხადა თანხა. დღეს, კი კონტეინერები რომელიც გზაში იყო და შემოდის და კომპანიებს შემოსავლის არანაირი წყაროც არ ქვს, როგორ უნდა განვაბაჟოთ საქონელი, როცა რეალურად თანხა არ არის. კომპანიები დავდექით პრობლემის წინაშე, მთავრობა კი ვერ აცნობიერებს, რა ეკონომიკურ რისკებთან გვაქვს საქმე’’, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს