ლევან დავითაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვართ საგანგებო მდგომარეობაში

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვართ საგანგებო მდგომარეობაში, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „მთავრობა საგანგებო მდგომარეობით სარგებლობს და სადავო პროექტებში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობას ზღუდავს“. დავითაშვილის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილია და ხდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვართ საგანგებო მდგომარეობაში. საგანგებო მდგომარეობის წესები და მოთხოვნები თავშეყრის შესახებ გულისხმობს ახლებურ მიდგომებს. ეს უკავშირდება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების, ვიდეო კონფერენციების და ა.შ. აქტიურ გამოყენებას. გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მთავრობის დისკრეციას, რომლის შემთხვევაშიც მთავრობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშეც შეუძლია ამა თუ იმ საქმიანობას მიანიჭოს საქმიანობის უფლება, მაგრამ ჩვენ ვემიჯნებით ამას. ჩვენთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ ჩვენ კომუნიკაციის ახლებურ საშუალებებს ვიყენებთ და მოსახლეობის ამ პროცესში ჩართულობა ყოვლად უზრუნველყოფილია. გარდა ამისა, ჩვენს ვებ-გვერდზე დეტალური პრეზენტაციების განთავსებას ვახდენთ. ასევე, მოქალაქეებს აქვთ საშუალება, თავიანთი კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნონ და პასუხები მიიღონ. ასე რომ, საზოგადოების ჩართულობა აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და მსგავსი ტიპის განცხადებები რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლოა,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „მწვანე ალტერნატივის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 26 მარტს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები. ამ უფლებების შეზღუდვა კი, საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით და შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

„განმცხადებელი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შევიდა. ასეთ პრობლემურ პროექტად, მაგალითად, შეგვიძლია აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტი დავასახელოთ. დაგეგმილი გზა კვეთს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს. გზის მშენებლობის პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომელიც აბასთუმნის გარდაქმნას ითვალისწინებს და მას სახელმწიფო უწყებები უპირობოდ უჭერენ მხარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო