კახა კალაძე - ახლა მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის მაქსიმალური თანადგომაა

თბილისის მერმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, დედაქალაქში დაგეგმილი პროექტების შეჩერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომაა.

მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დასრულების შემდეგ პროექტები ინტენსიურად გაგრძელდება და დედაქალაქს ძველი სიცოცხლე მალე დაუბრუნდება.

„სამწუხაროდ, იმდენად შეცვლილია მდგომარეობა - რა იყო ერთი თვის წინ და რა ხდება ახლა, იმდენად შეიცვალა პრიორიტეტები, რომ შეუძლებელია, ახლა ვისაუბროთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რაც დაგეგმილი გვქონდა. ბევრ პროექტზე უკვე ტენდერიც იყო გამოცხადებული და, სამწუხაროდ, მოგვიწევს მათზე უარის თქმა, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება. პრიორიტეტები შეცვლილია და დღეს მოსახლეობას სჭირდება ყველაზე მეტი მხარდაჭერა და თანადგომა. როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, რასაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, შემდეგ გვექნება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი და ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც უმძიმესია, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღეს მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებას, ბიზნესსექტორს იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ერთმანეთის თანადგომით და ხელშეწყობით შევძლოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩვენ ყველას გვესმის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ არ შეგვეშინდეს. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და, რაც მთავარია, ჩვენს ქალაქში დაბრუნდეს ის სიცოცხლე, რაც რამდენიმე თვის წინ იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს