სერგი კაპანაძე - ბევრი ავიაკომპანიაა მზად საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, თუმცა, როგორც ჩანს, საკარანტინე სივრცეები არ არის მზად და ამიტომ  ხელისუფლებას ეს ხალხი არ ჩამოჰყავს

ძალიან ბევრი ავიაკომპანია დღესაც მზად არის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა იმაშია, რომ საკარანტინე სივრცეები არ არის მზად და ამიტომ ხელისუფლებას ეს ხალხი უკან არ ჩამოჰყავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს ხალხი უახლოეს პერიოდში უნდა დააბრუნოს სამშობლოში ან გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს, რათა მათ საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. კაპანაძის თქმით, საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის გადასახდელი კომპენსაცია არ უნდა იყოს თვეში 600 ევროზე ნაკლები.

„მთავრობას ნამდვილად შეუძლია უფრო მეტის გაკეთება იმ ადამიანების დასახმარებლად და საქართველოში დასაბრუნებლად, ვინც ახლა საზღვრებს მიღმა გაიჭედა და ვერ ბრუნდება საქართველოში. ის ტემპი, რომლითაც ეს ადამიანები ბრუნდებიან, უბრალოდ არადამაკმაყოფილებელია. ამ ტემპით თუ გაგრძელდა მათი დაბრუნება, ის რამდენიმე ათასი ადამიანი შეიძლება კიდევ 2 თვე იყოს უცხოეთში გაჭედილი. ეს სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით დისკუსია იმაზე მიმდინარეობდა, თვითმფრინავები არის თუ არა. არაფერ შუაში არ არის აქ თვითმფრინავები. ძალიან ბევრი ავიაკომპანია დღესაც მზად არის მათ ჩამოსაყვანად. როგორც ჩანს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საკარანტინე სივრცეები არ არის მზად და ამიტომ არ ჩამოჰყავს ხელისუფლებას ეს ხალხი უკან. ეს სრულიად მიუღებელია. ამიტომ ხელისუფლებას შევთავაზეთ, რომ კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეს. ამ გეგმის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან ჩვენს საკონსულოებში და მათ უკვე დაფიქსირებული აქვთ დაბრუნების სურვილი, ისინი უახლოეს დღეებში უნდა ჩამოიყვანონ საქართველოში, თუ არადა მათ უნდა გადაუხადონ გარკვეული კომპენსაცია, თვეში მინიმალური ხელფასი. ეს შეიძლება განსხვავებული თანხა იყოს სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით, მაგრამ არანაკლები 600 ევროზე. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ამის შემდეგ დარეგისტრირდებიან, მათ 10 დღეში ან 1 კვირაში უნდა მოემსახურონ, თუ არადა მათაც უნდა გადაუხადონ კომპენსაცია, რომ იქ საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. ეს იქნებოდა სწორი და პასუხისმგებლიანი მიდგომა და არა ის, რომ ყველაფერს აკეთებენ, რამდენიმე ასეული ადამიანი ჩამოიყვანეს და რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა