ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ქართულ საწარმოებში არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების ყველა მოთხოვნას

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს კასპში, კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში დაესწრო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მასთან ერთად ინსპექტირება განახორციელეს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა.

მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა საწარმოო პროცესი და გაიდლაინების დაცვის ხარისხით კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, „კასპი ცემენტის“ საწარმოში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები.

„აქ ყველგან არის წარმოდგენილი პირადი დაცვის საშუალებები, ადგილებზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ეს საწარმო საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ შემოწმებას პერიოდულად განვახორციელებთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა ინსპექტირება. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორივე საჯარო უწყების სამუშაო ჯგუფის წევრებს გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსათვის.

„მისასალმებელია, რომ კომპანიების დიდი წილი გაეცნო ყველა გაიდლაინს და იქ არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას. მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მათ აქვს უნარი იმისა, რომ ადგილზევე გამოასწორონ ისინი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა დაასახელა 10-ზე მეტი საწარმო, რომლებმაც საქმიანობის უფლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებთან მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აღიდგინეს.

„მათ მიეცათ მითითება და განმარტება. დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ეს კომპანიები კვლავ მოგვმართავენ და ადგილზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული დაგვხვდება და ჩვენც შევძლებთ მათ განაცხადი დავაკმაყოფილოთ. ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ქართული საწარმოები რაც უფრო მალე შეძლებენ, რომელიც, პირველ რიგში, პერსონალის პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს, მით უფრო მალე ამოიქოქება ჩვენი ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდში, რომელიც, იმედია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მალე დადგება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა