ADB-ის პრეზიდენტმა და გიორგი გახარიამ კოვიდ-19-ის საპასუხო დახმარების პაკეტი განიხილეს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის წინააღმდეგ ADB-ის მხარდამჭერი პაკეტის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს.

„ვიცით, რომ პანდემია საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანსა და ბიზნესს, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში, რთულ მდგომარეობაში აყენებს. როცა ქვეყანა პანდემიის პიკს გადალახავს, შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა მოუწევს. ADB მუშაობს საქართველოს დახმარების პაკეტზე, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობის დაჩქარებული წესით აღდგენასა და ზრდაში უნდა დაეხმაროს”,- განაცხადა პრეზიდენტმა ასაკავამ.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, პრემიერმა გახარიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ADB-ის მტკიცე და დროული მხარდაჭერისთვის.

“მხარეებმა განიხილეს კრიზისის ეკონომიკურ შედეგებზე დაუყოვნებლივი რეაგირების მნიშვნელობა და გზები, რითაც ADB საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღებაში დაეხმარება. ADB-ის დახმარება სავარაუდოდ მოიცავს ანტიციკლურ ბიუჯეტურ დაფინანსებას, სოციალური დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად გამოყოფილ სწრაფ საბიუჯეტო სესხს და პროგრამებს ენერგეტიკის, ურბანული წყლისა და პროფესიული განათლების სექტორებში, რაც ეკონომიკური აღმავლობის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტებია. ADB ასევე ზრდის დახმარებას კერძო სექტორის ოპერაციების მიმართულებით, რაც ქვეყანაში მოქმედი ბანკებისთვის სესხების გამოყოფასა და ვაჭრობის დაფინანსებას გულისხმობს. სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა პრეზიდენტ ასაკავასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის 25 მარტს გამართული დიალოგი, სადაც მინისტრმა პრეზიდენტს კოვიდ-19-ის გავრცელებისა და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. 18 მარტს, ADB-მა დაახლოებით 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის. ADB მზადაა საჭიროებისამებრ ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს. მეტი ინფორმაციისთვის კორონავირუსის საპასუხო ქმედებების შესახებ, ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა