მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით

საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვის შესახებ საუბრობს.

მისი განცხადებით, პანდემიის გამო საქართველოს მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, სანამ 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება.

„COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისის გამო ჩვენ ველოდებით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ძირითადად განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით, რაც რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ტურიზმზე და შიდა შეკავების მექანიზმები შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას. ჩვენი მოლოდინით, მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, ვიდრე 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, მთავრობამ გაატარა ფისკალურად გონივრული ღონისძიებები, და ასევე შექმნა კაპიტალის ბუფერები, რომლებიც იძლევა კრიზისზე აქტიური რეაგირების საშუალებას. ამ ეტაპზე ასევე მსურს აღვნიშნო, თუ რაოდენ მიზანმიმართულად, სწრაფად და მტკიცედ მოქმედებდა მთავრობა ჯანდაცვის კუთხით ღონისძიებების გატარებისას იმისათვის, რომ დაეცვა ზემოქმედების ქვეშ მყოფი როგორც ოჯახები, ისე კომპანიები და დაეწყო ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავება. რეალურად, საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია”,- აღნიშნავს მოლინეუსი.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია წლების მანძილზე.

„ჩვენ ქვეყნის გვერდით ვიდექით 90-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღიდანვე, 2007 და 2008 წლების ფინანსური კრიზისის დროს, და ახლაც, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიმდინარე პანდემიის პერიოდში. ამჟამად, ჩვენ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ კრიზისის პირველი დღიდან და ვადგენთ ინტერვენციების 3 სხვადასხვა პროექტს საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად: 1) ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით, ვისზეც ყველაზე დიდი გავლენა იქონია კრიზისმა; 2) ფართო სოციალური დაცვის სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში შეძლებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და; 3) ეკონომიკური აღდგენის აქტიური უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მხარდაჭერით, რომელსაც COVID-19 -ით გამოწვეულმა კრიზისმა უდიდესი დარტყმა მიაყენა, მაგალითად, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში და სხვა დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა ზოგიერთი ამჟამინდელი სავაჭრო შოკის მიმართ. და ბოლოს, მსურს აღვნიშნო, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის - 9 აპრილი. ეს არის დღე, რომელმაც მრავალმხრივად განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამ დღემ აჩვენა ქართველი ხალხის სიმტკიცე. აღნიშნულის და საქართველოს გერბზე გამოსახული დევიზის - „ძალა ერთობაშია“ გათვალისწინებით, მსურს ვთქვა, რომ განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან, მთავრობასთან, პოლიტიკაში და საზოგადოებაში მოღვაწე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გადავრჩებით და ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული გამოვალთ”, - აცხადებს მოლინეუსი.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე